ვაღიარებ ყველა თქვენს შენიშვნას ყოველგვარი "მაგრამ"-ის და "თუ"-ს გარეშე - ვაღიარებ, ვიღებ და მინდა, აღარ ვიყოთ ასეთ ვითარებაში, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კითხვას, რომელიც დეპუტატების მიერ პარლამენტის სხდომებზე სხვისი პულტების გამოყენებას, კვორუმის არ ქონასა და რეგლამენტის სხვა დარღვევის ფაქტებს უკავშირდება.
უსუფაშვილის თქმით, აღნიშნულ კითხვაზე პასუხი მდგომარეობს სამომავლო პარტიულ სიებსა და კანდიდატების სწორად შერჩევაში. "არის ხოლმე სპეკულაციები, თუ რომელი პროფესიის ხალხი სჯობს იყოს პარლამენტში. ვინც პარლამენტში ბრძანდებით, დამეთანხმებით, რომ ძალიან ხშირად დაუმსახურებლად გაკრიტიკებული პროფესიების წარმომადგენლები ამ თვალსაზრისით ყველაზე უფრო დისციპლინირებული პარლამენტარები არიან, ამიტომ აქ საწყის პროფესიებში კი არ არის საქმე, საქმე იმაშია, პარლამენტში მოსული ექიმი, მსახიობი თუ იურისტი რას აკეთებს და როგორ იქცევა. ამიტომ, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ამ თემაზე ძალიან სერიოზული დაფიქრება მოუწევს. ამასთან, არ იქნება სწორი, საკითხი კოალიციამდე დავიყვანოთ, თითქოს პარლამენტი ეს არის კოალიცია "ქართული ოცნების" ასამუშავებელი ორგანო. პარლამენტი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი საკანონმდებლო ორგანოა, ამიტომ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ან საერთოდ არ არიან ხოლმე ან სხედან და რეგისტრაციას არ გადიან, რაიმე პოლიტიკური პოზიციის გამო კი არა, არამედ პოზიცია თავისთავად ეს არის, რომ აი, თქვენ ვერ ახერხებთ პარლამენტის ამუშავებას. ეს არანაირად არ ამცირებს კოალიცია "ქართული ოცნების" წევრების პასუხისმგებლობას, მაგრამ არანაირად არ ხსნის სხვების პასუხისმგებლობას, რადგან აქ პარტიულ შეკრებაზე არ ვიმყოფებით, ვიმყოფებით პარლამენტში და თუ მოდიხარ პარლამენტში ადამიანი, ალბათ, რაღაც მინიმალური მზაობა უნდა გქონდეს. ამასობაში, ვიღებთ მთლიანად საყვედურს - მეტი არაფერი", - განუცხადა ჟურნალისტებს უსუფაშვილმა.