სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლა არ დასრულებულა, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ანა დოლიძემ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ანა დოლიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ის გრძნობს, რომ აქვს ძალიან დიდი პატივი იყოს წარდგენილი პარლამენტის წინაშე, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი.
"შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ბიოგრაფია არ უზრუნველყოფდა იმას, რომ მე დღეს წარვმდგარიყავი თქვენს წინაშე. ჩემი ბავშვობა უკავშირდება უსამართლობის ძალიან დიდ მოგონებას. 1991-1992 წლებში მამაჩემი, როგორც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე, არაერთხელ იყო დაპატიმრებული და ნაწამები სწორედ იმ სასამართლოს ორგანოების დაკვეთით და ხელდასმით, რომლის, მალდობა ღმერთს, სახელისა და გვარის მაიდენტიფიცირებელი არაფერი მახსოვს. მოგვიანებით ჩემი პროფესიული საქმიანობა 2004-2005 წლებში უკავშირდება უამრავ მოგონებას, უსამართლობისა და ჩაგვრის ჩადენას სწორედ სასამართლო ხელისუფლების მეშვეობით. კონკრეტულად გავიხსენებ 2005 წელს სასამართლო სხდომას ახალციხეში, რომელიც ახალციხის უნივერსიტეტის რექტორის დაპატიმრებით დამთავრდა სასამართლოში, სადაც მოსამართლე გარშემორტყმული იყო სპეცდანიშნულების რაზმით. ეს გრძელდებოდა მოსამართლის მიერ 3 წუთის განმავლობაში, რომელიც საზოგადოებას სახეში ვერ უყურებდა. ამის გარდა იყო ბევრი სასამართლო პროცესი, მათ შორის, ისინი წარმართული იყო ირაკლი იმნაიშვილის, რევაზ ოქრუაშვილის, მრავალი ჟურნალისტის, პოლიტიკური მოღვაწის, დისიდენტის მიმართ. ის პროცესები, სადაც მე პირადად ბრძოლებში თავს დამარცხებული ვგრძნობდი. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მე დღეს თქვენს წინაშე წარვდექი იმ დაუღალავი ბრძოლის შედეგად, რომელიც ქართველმა ხალხმა წარმართა და იმ ადამიანმა, რომელთა წარმომადგენლებიც დღეს ჩვენ დარბაზში გვესწრებიან", - განაცხადა ანა დოლიძემ.
ამ კონტექსტში ანა დოლიძემ ქართველი ხალხი დაასახელა და მოიხსენია ირინა ენუქიძე, რომელმაც მისი თქმით, "ჩაიცვა რკინის ქალამნები და ოთარაანთ ქვრივივით ყველა უწყება ჩამოიარა იმისთვის, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლოსთვის ებრძოლა".
"სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლა არ დასრულებულა. მართალია, ბევრი საინტერესო ნაბიჯი გადაიდგა 2013 წლის შემდეგ, მათ შორის, სასამართლოს ღიაობის უზრუნველყოფა, მედიისა და საჯაროობის დაბრუნება სასამართლო ხელისუფლებაში, საბრძოლო კიდევ ბევრია", - განაცხადა დოლიძემ.
ერთ-ერთ მაგალითად ანა დოლიძემ ბუტა რობაძიქის პროცესი დაასახელა, რომელსაც ის ერთი კვირის წინ თავად დაესწრო.
"დავინახე, რომ კვლავაც მნიშვნელოვანია საჯაროობის უზრუნველყოფა სასამართლო სისტემაში. ოჯახის წევრებს, ახლობლებს დასწრება უნდოდათ და ამის უზრუნველყოფა არ იყო. ეს არის მხოლოდ ერთი პატარა ეპიზოდი იმ ნაბიჯებისგან, რომელიც კვლავ არის გადასადგმელი სამართლიანობის და სასამართლო სისტემის გამართვისთვის", - განაცხადა დოლიძემ.
ამასთან, ანა დოლიძემ ის თეზისები წარმოადგინა, რომელიც, მისი თქმით, სახელმძღვანელოა და ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს სასამართლო რეფორმა. კერძოდ, ეს არის ნდობის გაღვივება სასამართლო ხელისუფლების მიმართ, კანონიერებისა და სამართლიანობის შეჯერება, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა, სასამართლო სისტემის სიჯანსაღე, რაც მოსამართლებიის მაღალზნეობრივ ავტორიტეტს უკავშირდება, მოსამართლეების კომპეტენტურობა, პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი.