ანა დოლიძე პირდაპირ აფილირებულია კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან – "რესპუბლიკელებთან", – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ანა დოლიძეს უსმენენ.
დეპუტატის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის აღნიშნულ კანდიდატთან დაკავშირებით პრობლემა მხოლოდ მისი პოლიტიკური განცხადებები არაა.
"კანდიდატურა პირდაპირ აფილირებულია კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან, ამ შემთხვევაში "რესპუბლიკელებთან". სწორედ მას შემდეგ, რაც პარტიამ აიღო თავდაცვის მინისტრის კვოტა, მოადგილედ დაინიშნა ანა დოლიძე. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს გააჩენს, იმიტომ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უნდა იყოს მართლაც მიუკერძოებელი და ხომ არ ნიშნავს ეს, რომ "რესპუბლიკური პარტია" უზენაეს სასამართლოზე საკუთარ გავლენას მიიღებს ამ შემთხვევაში?", - მიმართა ვაშაძემ სხდომაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს გიორგი აბაშიშვილს, რომელმაც დეპუტატებს დოლიძის კანდიდატურა წარუდგინა.
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი აბაშიშვილისგან ასევე დაინტერესდა, ანა დოლიძის რა ინიციატივა მოეწონა და რას შეაფასებდა ის სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების ან შემდგომი გაუმჯობესების კუთხით პოზიტიურად.