ტელეკომპანია "მაესტროს" დირექტორ ლევან გაჩეჩილაძისა და ყოფილი დირექტორის, ბაია გადაბაძის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა "მაესტროს" შენობის პირველ სართულზე მდებარე საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ბაია გადაბაძემ განუცხადა, ლევან გაჩეჩილაძე ელოდება იმავე დარბაზში, სადაც შეხვედრა გაიმართა, ტელეკომპანია "მაესტროს" იმ თანამშრომლებს, ვისაც მასთან გასაუბრება სურს. მისივე თქმით, ლევან გაჩეჩილაძე "ზევით ვერ ავა".
"ვისაც უნდა ლევანთან შეხვედრა, შეუძლია ჩამოვიდეს და შეხვდეს. კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვის სურს შეხვედრა, ჩემთვის უცნობია. ზემოთ შენობაში ვერ ავა, რადგან ლევანმა თვითონვე თქვა, რომ არ აპირებს ძალადობას და ეს მისი მხრიდან სწორია. მან იცის, რომ შენობა "მაესტროს" საკუთრებაში არ არის. მანვე მოითხოვა გონივრული ვადა, რომ სხვა ალტერნატიული ფართი უზრუნველყოს. ასევე დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ეთერის უწყვეტობა იქნება უზრუნველყოფილი და გაჩეჩილაძე არ აპირებს არანაირი მონაწილეობის მიღებას საეთერო ბადესთან დაკავშირებით", - განაცხადა გადაბაძემ.