ქორწინების სუბიექტების კონსტიტუციაში დაზუსტების საკითხზე ჩვენ შეიძლება განსხვავებულ პოზიციაზე დავრჩეთ

ქორწინების სუბიექტების კონსტიტუციაში დაზუსტების საკითხზე ჩვენ შეიძლება განსხვავებულ პოზიციაზე დავრჩეთ

ქორწინების სუბიექტების კონსტიტუციაში დაზუსტების საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შეიძლება განსხვავებულ პოზიციაზე დავრჩეთ, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

დავით უსუფაშვილის ცნობით, "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლების პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას, საუბრის ერთ-ერთი თემა აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების საკითხიც იყო.

პარლამენტის თავმჯდომარემ ამ კონტექსტში კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების პროცედურაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თუკი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირება მოხდება, მაგრამ პარლამენტი მას ვერ მიიღებს, ასეთ შემთხვევაში საკითხი უფრო გამწვავებულ მდგომარეობაში დარჩება.

"საუბარია კონსტიტუციური ცვლილებების ინიცირებაზე - ქორწინების სუბიექტების საკითხის დაზუსტების თაობაზე. ამ თემაზე დიდი ალბათობით, შეიძლება ჩვენ ცოტა განსხვავებულ პოზიციებზე დავრჩეთ. "რესპუბლიკური" პარტიის პოზიცია იყო და რჩება, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, კონსტიტუციით, საქართველოში ქორწინება არის მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის ნებაყოფლობით კავშირი და არანაირი კანონი და არანაირი ნორმა სხვაგვარი ინტერპეტაციის საშუალებას არ იძლევა, რაიმე ეჭვებს არ ბადებს. "რესპუბლიკური პარტიის" პოზიცია არის ის, რომ ქორწინება ეს არის მამაკაცის და ქალის ნებაყოფლობითი ერთობა და ამ საკითხს არც შეცვლა სჭირდება და არც - გამაგრება. ამ თემაზე კოალიციის შიგნით იყო საუბრები, რომ ხომ არ დავასრულოთ პოლიტიკური სპეკულაციები და საკითხი კონსტიტუციაში უფრო მკაფიოდ ხომ არ ჩავწეროთ. ორი წლის წინ დიახ, ეს ასე იყო, "რესპუბლიკურმა პარტიამ" დავით ბერძენიშვილმა დასვა საკითხი, რომ ეს ბერკეტი და მექანიზმი არსებობს, მაგრამ იქვე დაისვა სხვა საკითხიც, რომ ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ვართ, რომ პროცესი ბოლომდე მივა ანუ უშედეგო მცდელობა კონტრპროდუქტიული იქნება. თუ საკითხის ინიცირება ხდება და ვამბობთ, კონსტიტუციას რაღაც მისამატებელი აქვს, იმის გასამყარებლად და ცალსახად სათმელად, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია, მაგრამ ვერ ვაკეთებთ, რადგან ინიცირებისთვის საკმარისია 76 ხმა და მიღებას 114 ხმა სჭირდება. თუ საკითხის ინიცირებას ვაკეთებთ, მაგრამ ვერ ვიღებთ, მაშინ საკითხს კიდევ უფრო გამწვავებულ მდგომარეობაში ვტოვებთ – გამოდის, რომ ვამბობთ, რომ კონსტიტუციას ამ სფეროში რაღაც აკლია, შეიძლება მისი სხვაგვარი ინტერპრეტაციაც და მის შეცვლას ვერ ვახერხებთ. აი ამ ძალიან მარტივი მოსაზრებიდან გამომდინარე, ჩვენ ვრჩებით იმ პოზიციაზე, რომ საკითხის ინიცირება არის არასწორი და კონტრპროდუქტიული", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ თემაზე კონსულტაცია პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზეც გაიმართება.