პარლამენტი უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ანა დოლიძეს უსმენს

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ანა დოლიძეს უსმენს

ვამაყობთ, რომ პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ანა დოლიძის კანდიდატურა იქნა დასახელებული, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პარლამენტში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან დეპუტატებს საქართველოს პრეზიდენტის სახელით უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ანა დოლიძის კანდიდატურა წარუდგინა.

ვიდრე დეპუტატების წინაშე ანა დოლიძე სიტყვით გამოვიდოდა, გიორგი აბაშიშვილმა დამსწრე საზოგადოებას მისი ბიოგრაფია გააცნო და პარლამენტარების შეკითხვებს უპასუხა.

საპარლამენტო უმცირესობის კითხვები ძირითადად "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" ანა დოლიძის საქმიანობას, მის კავშირს "რესპუბლიკურ პარტიასთან", ასევე სტარასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის სურვილს შეეხებოდა.

როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, ის პარლამენტში ისეთი განწყობით მოდიოდა, რომ იქნებოდა კვალიფიციური დისკუსია, თუმცა რადგან არსებობს კითხვები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მათზე პასუხის გაცემის მზადყოფნა გამოთქვა.

"ქალბატონი ანას ბიოგრაფია იყო დეტალურად ცნობილი ჩვენთვის და მინდა კიდევ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვამაყობთ, რომ ასეთი კანდიდატი იქნა დასახელებული და მე ვამაყობ, რომ დღეს შემიძლია ასეთი კანდიდატი წარვადგინო პრეზიდენტის სახელით. რაც შეეხება ბიოგრაფიის იმ დეტალს, ხანდახან უნდა შევძლოთ კვალიფიციური დისკუსია, არა პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე საუბარი, არამედ სახელმწიფოებრივ თემაზე ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების შესახებ საუბარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის, რომ ვინმეს არ მოსწონს პოლიტიკურად ქალბატონი ანა, არ ნიშნავს, რომ შავი პიარის ძებნა და აგორება უნდა დაიწყოს ამასთან დაკავშირებით. ამ ორგანიზაციაში ქალბატონი ანას საქმიანობა თქვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, როგორ ჩანს სიღრმისეული კვლევა გაქვთ გაკეთებული, მაგრამ კვლევა სამწუხაროდ, არასწორი მიმართულებით წარიმართა და მთლიანად ინტერპრეტირებულია", - განაცხადა აბაშიშვილმა.

აბაშიშვილის თქმით, კანდიდატის ხედვას ზედმიწევნით იცნობენ და საინტერესოა ის, რომ ანა დოლიძე არა ერთ, არამედ რამდენიმე კარგ ინიციატივაზე ამახვილებს ყურადღებას.

რაც შეეხება "რესპუბლიკურ პარტიასთან" ასოცირებას და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, აბაშიშვილის თქმით, ამაზე თავად ანა დოლიძე ისაუბრებს, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, ანა დოლიძე "რესპუბლიკური პარტიის" წევრი არ არის.

რაც შეეხება ანა დოლიძის სურვილს, რომ გახდეს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე, აბაშიშვილის განმარტებით, ის გარემოება, რომ ანა დოლიძე 50 კანდიდატიდან 5-ეულში გავიდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მაღალ კვალიფიკაციას.

"ქალბატონი ანას ჩV გაქვთ ნანახი, ნუთუ ფიქრობთ, რომ მას გამდიდრება ესჭიროება?! ეს არის ძალიან მაღალი კვლიფიკაციის ადამიანის ჩV, რომელსაც დამატებით მხოლოდ ჩV-თვის, მხოლოდ ქაღალდზე ჩასაწერად არაფერი ესაჭიროება. ის რომ ქალბატონი ანა ამ პროცესის შედეგად 50 კანდიდატიდან 5 წევრში მოხდა და მაღალი შეფასებები დაიმსახურა, კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მაღალ კვალიფიკაციას და კიდევ ერთხელ აჩვენებს რამდენად სწორი არჩევანი იქნა ჩვენი მხრიდან გაკეთებული", - განაცხადა აბაშიშვილმა.