საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ასეთი ტიპის განცხადებას არ უნდა აკეთებდეს თუ ხელთ არ აქვს კონკრეტული მტკიცებულება, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნებას გეგმავს.
როგორც კობახიძემ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, მტკიცებულებების გარეშე ამ ტიპის განცხადების გაკეთება შეიძლება იყოს იუსტიციის მინისტრის დისკრედიტაციის მცდელობა.
"მე მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ასეთი ტიპის განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს, თუ ხელთ არა აქვს უტყუარი მტკიცებულება, ფაქტები, რომელსაც ის წარუდგენს საგამოძიებო ორგანოს. ნებისმიერი ასეთი განცხადება იქნება უბრალოდ განცხადება, ვინაიდან გამოძიება ვერ წავა შორს, თუკი კონკრეტული მტკიცებულებები და ძალიან დასაბუთებული არგუმენტები არ იქნება წარდგენილი. სხვა შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს არის პირდაპირი, სწორედ იუსტიციის მინისტრის დისკრედიტაციის მიზნით გაკეთებული განცხადება. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, ჩვენ ვისმენთ ისეთ განცხადებებს, რომლის იქით რაიმე მტკიცებულებას ვერ ვხედავთ. მან უნდა წარადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები და უნდა დაეხმაროს გამოძიებას", - განაცხადა მანანა კობახიძემ.