ლევან გაჩეჩილაძე ჟურნალისტებთან შეხვედრას დღეს ამ შენობაში აპირებს

ლევან გაჩეჩილაძე ჟურნალისტებთან შეხვედრას დღეს ამ შენობაში აპირებს

"მაესტროს" დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე ჟურნალისტებთან შეხვედრას დღეს, ამ შენობაში აპირებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გაჩეჩილაძის ადვოკატმა ნანუკა ჭკუასელმა განუცხადა.

მისი თქმით, ლევან გაჩეჩილაძეს ჰქონდა კომუნიკაცია რამდენიმე ჟურნალისტთან, რომლებმაც მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს.

"ლევანისგან მაქვს ინფორმაცია, რომ მას ქონდა საუბარი რამდენიმე ჟურნალისტთან, რომლებმაც მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს, რათა მოისმინონ მისგან სამომავლო გეგმები", - განაცხადა ჭკუასელმა.

ადვოკატი იმედოვნებს, რომ შენობაში შესვლაზე არ დაჭირდება დამატებითი ღონისძიებებისკენ მიმართვა.

"თუ საჭირო გახდა მივმართავთ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს", – აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, მოლოდინი აქვს, რომ კანონის ფარგლებში ლევან გაჩეჩილაძეს მიეცემა შესძლებლობა, შეხვდეს თანამშრომლებს და განახორციელოს ის ფუნქციები, რაც შპს "სტუდია მაესტროს" დირექტორს ევალება.

საიჯარო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით კი ჭკუასელის თქმით, ეს ხელშეკრულება ძალაშია.

"საიჯარო ხელშეკრულებას რაც შეეხება, არც საჯარო რეესტრში ფიქსირდება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია და არც მეურვეს არ აქვს ასეთი ინფორმაცია. შესაბამისად, საიჯარო ხელშეკრულება ძალაშია", - აღნიშნა ადვოკატმა.