მომავალი კოალიცია –

მომავალი კოალიცია – "რესპუბლიკელებიანად" თუ "რესპუბლიკელების გარეშე", უკეთესი იქნება

დარწმუნებული ვარ, მომავალი კოალიცია – "რესპუბლიკელებიანად" თუ "რესპუბლიკელების გარეშე", უკეთესი იქნება, - ამის თაობაზე ჟურნალისტებთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

"მგონია, რომ ჩვენ გვაქვს კარგი კოალიცია, რომელმაც ქვეყნის ისტორიაში პირველად, ოთხი წლის განმავლობაში ერთად ყოფნა შეძლო - არა იმიტომ რომ ერთნაირები გავხდით, არამედ იმიტომ, რომ გვქონდა პოლიტიკური პროცესების იმ ტიპის გააზრება, რაც ქვეყანას სჭირდება. ისე როგორც ყველაფერს სჭირდება დახვეწა, განახლება და გაუმჯობესება, მომავალი მმართველი კოალიცია "რესპუბლიკებიანად" თუ "რესპუბლიკელების" გარეშე, დარწმუნებული ვარ, უკეთესი იქნება - უკეთესი თავისი შიდა სტრუქტურითა და ფორმით. მგონია, რომ ხელისუფლება, რომელიც მომავალი არჩევნების შემდეგ ქვეყანას გაუძღვება, იქნება უკეთესი, თუ ის კოალიცია "ქართული ოცნება" იქნება, დანარჩენზე ვერ გეტყვით", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ

დავით უსუფაშვილის აზრით, "ძალიან ბევრი უბედურია იმით, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კოალიცია არ დაიშალა და დღემდე არსებობს".

"განვასხვავოთ ერთმანეთისგან ჩვენი პერსონალური ბედნიერებები და პოლიტიკური ცხოვრება. ზოგადად, საკითხების პერსონალიზაცია ძალიან ბევრ რამეს ვნებს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ რაღაც საკითხებზე შეიძლება დღეების და თვეების განმავლობაში ისე კამათი, რომ არ შევეხოთ ერთმანეთის პერსონალურ თემებს. ნუ ვატკენთ და ვაწყენინებთ ერთმანეთს. ეს შესაძლებელია. ასე რომ, კოალიციაც ვსწავლობთ გაკვეთილებს, იმედია, არა მხოლოდ "რესპუბლიკელები", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.