საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გრიგორი კარასინს შორის პრაღაში დაგეგმილ შეხვედრაზე რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შესაძლო შეხვედრის მზადების შესახებ საუბარი დაგეგმილი არ არის.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აბაშიძემ რუსული მედიით გავრცელებულ იმ ინფორმაციაზე კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, აბაშიძე-კარასინის მომდევნო შეხვედრაზე რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ იმსჯელებენ.
"ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი არაფერია. მე არც ერთი ჟურნალისტისთვის არ მითქვამს, რომ რაღაც მოლოდინი გვაქვს და არც ახალი მოცემულობაა პირველი პირების შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით. ადრე გაკეთდა განცხადებები, როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ადრე თუ გვიან ასეთი შეხვედრის ორგანიზება მიზანშეწონილი იქნებოდა. ჩვენ ვთქვით ადრე, რომ თუკი ასეთი შეხვედრა ჩატარდება, ის უნდა იყოს კარგად, დეტალურად მომზადებული და რა თქმა უნდა, ასეთ შეხვედრაზე უნდა იქნას განხილული ყველაზე საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი საკითხები, გარკვეული პოზიტიური ნაბიჯიც უნდა გადაიდგას იმ მიმართულებით, რაც დაკავშირებულია აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან. ამ განცხადების შემდეგ რაიმე კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არანაირი მოსამზადებელი სამუშაოები არ მიმდინარეობს. ასეთ შეხვედრებს ამზადებენ საგარეო უწყებები და ეს არ არის პრაღაში ჩვენი შეხვედრების დღის წესრიგის თემა", - განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, არ ესმის, თუ საიდან და რატომ წამოვიდა განცდა იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ხდება.
"რუსეთ-საქართველოს პირველი პირების შესაძლო შეხვედრის მზადების შესახებ საუბარი დაგეგმილი არ არის", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.