გამოვრიცხავ, თეა წულუკიანი თანამონაწილე იყოს რაიმე პროცესის, რომელსაც შეიძლება შანტაჟის კვალიფიკაცია მიეცეს

გამოვრიცხავ, თეა წულუკიანი თანამონაწილე იყოს რაიმე პროცესის, რომელსაც შეიძლება შანტაჟის კვალიფიკაცია მიეცეს

გამოვრიცხავ, თეა წულუკიანი, როგორც მინისტრი და როგორც პიროვნება, ჩართული და თანამონაწილე იყოს რაიმე პროცესის, რომელსაც შეიძლება შანტაჟის კვალიფიკაცია მიეცეს, - ასე უპასუხა დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის მიერ იუსტიციის მინისტრისადმი გამოთქმულ ბრალდებაზე დასმულ კითხვას.

უსუფაშვილის თქმით, ძალიან ბევრი აჟიოტაჟი მოჰყვა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენლის შერჩევის საკითხს.

"სიმართლე გითხრათ, ხანდახან საგონებელში მაგდებს, ნუთუ შეუძლებელია, როგორმე ხანდახან მაინც შევჯერდეთ იმაზე, რომ რაღაც თამაშის თუ კონკურენციის წესები იყოს ნათელი და შემდეგ ამ წესების შედეგებს დავემორჩილოთ ყველა, ვინც კმაყოფილი დავრჩით, თუ უკმაყოფილო. მე რა შეფასებებიც ვნახე, პირადად შესაძლოა, სრულიად განსხვავებული შეფასებები დამეწერა, მაგრამ როგორ შეიძლება ყველაფერი ისე იყოს, როგორც პირადად მე მინდა?! ამიტომ ან თავიდანვე არ უნდა შევიდეთ პროცესში, თუ არ გვჯერა, რომ აქ რაღაც ობიექტური იქნება, ან თუ შევედით, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ძალიან ხშირად არ მოგვწონს, არ ვეთანხმებით და ასე შემდეგ. ჩვენდა უნებურად სახიფათო ტენდენციებს ვამკვიდრებთ, როცა ნელ-ნელა, მაგრამ პრაქტიკულად, ყველას და ყველაფერს საყოველთაო უნდობლობას ვუცადებთ: მედია მიკერძოებულია, პოლიტიკოსი ვიწრო პარტიული ინტერესებით აზროვნებს, სასამართლო ვიღაცის ხელშია, პროკურატურა კიდევ იქეთაა, აქედან გამომდინარე ამას აკეთებს... სად მივდივართ?" - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა, რომ ქვეყნის ავტორიტარული წესრიგიდან დემოკრატიულ წესრიგში გადასვლა ერთ დღე ღამეში ვერ ხდება. კერძოდ, მისი თქმით, ქვეყანა თავს აღწევს ისეთ წესრიგს, სადაც ყველა ყველაფერზე თანახმა იყო - ვის სად გაუშვებდნენ, ვის საიდან მოხსნიდნენ და ვის რას დაუწერდნენ.

"სახელისუფლებო სისტემის მონოლითში რეპრესიებსაც კი სიამოვნებით და კმაყოფილებით ხვდებოდნენ. ჩვენ ამ სისტემიდან მივდივართ და გადავდივართ დემოკრატიული წესრიგის სისტემაში, სადაც ადამიანები საკუთარ აზრს გამოთქვამენ, დისკუსიაში ებმებიან, მაგრამ აქედან იქამდე შუა პერიოდში, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვართ მართვადი ქაოსის, თუ ქაოტური მართვის ეპოქაში, როდესაც რაღაცები გვიჭირს გავარკვიოთ ხოლმე. მაგალითად, შეიძლება მე ვიყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოსი და არ მქოდნეს განცდა, რომ ვარ პარლამენტის თავმჯდომარე, ანუ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე და ამ საკანონმდებლო ორგანოს ნორმალური ფუნქციონირება მევალება. შეიძლება ეს დავივიწყო და ვიყო როგორც პოლიტიკოსი, ან ჩემი პარტიის წარმომადგენელი მხოლოდ და მეტი არაფერი მაინტერესებდეს? მე მგონი, არ შეიძლება! ასევე არ შეიძლება ისიც, რომ თუ ვინმე ფიქრობს, ხვალ პოლიტიკურ პროცესში ჩაერთოს, ჩაერთოს ისე, რომ ინსტიტუციური თემატიკა არ დავაზიანოთ. მოკლედ, მგონია, რომ ისე როგორც არასდროს, ამ თემებზე შეთანხმება გვჭირდება. ჩვენ მოქმედი კანონებისა და წესების ფარგლებში უნდა მივიღოთ და ვაღიაროთ ის გადაწყვეტილებები, რასაც უფლებამოსილი ადამიანები იღებენ. იმის იქით, პწკენები და ჭორაობები არანაირად საქმეს არ არგებს", - განაცხადა უსუფაშვილმა.