ჩვენ შევეცდებით ყველანაირად შევუწყოთ ხელი ახლად არჩეულ დირექტორს, რომ მან უფლებამოსილებები განახორციელოს, თუმცა არა ამ შენობაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "მაესტროს" 25%-იანი წილის მფლობელის, მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ტელეკომპანია "მაესტროს" თანამშრომლები და ყოფილი დირექტორი მზად არიან ნებისმიერ მისამართზე გამოცხადდნენ.
"რაც შეეხება კანონის ფარგლებში მოქმედებას, ჩვენ შევეცდებით ყველანაირად შევუწყოთ ხელი ახლად დანიშნულ დირექტორს, რომ მან უფლებამოსილებები როგორც დირექტორმა განახორციელოს, ოღონდ არა ამ შენობაში. არის მზადყოფნა ნებისმიერ მისამართზე გამოცხადდეს ყველა თანამშრომელი, თუნდაც ყოფილი დირექტორი ბაია გადაბაძე და დაიწყოს დოკუმენტაციის გადაბარების პროცესი. გვინდა თავიდან ავირიდოთ ყოველგვარი დაძაბულობა და ესკალაცია. რაც შეეხება მის მიერ შპს სტუდია "მაესტროს" მართვას, ამასთან დაკავშირებით თუ ჩვენი მხრიდან რაიმე მოქმედება იქნება განსახორციელებელი, ჩვენ ამას დისტანციურად გავაკეთებთ", - განაცხადა გვენეტაძემ.
ადვოკატის განმარტებით, შპს "სტუდია მაესტროს" შენობის მფლობელ კომპანიასთან იჯარა აღარ აკავშირებს.
"იჯარა შპს "სტუდია მაესტროს" ამოწურული აქვს. 31 დეკემბერს ამოეწურა ვადა. ამის თაობაზე შენობის მფლობელმა შპს-მ მიმართა "მაესტროს" დადგენილი წესით 8 დეკემბერს და აცნობა, რომ აღარ აპირებდა ვადის გაგრძელებას. კეთილი ნების საფუძველზე ფუნქციონირებს ამ მომენტისთვის "მაესტრო" ამ შენობაში. თუ ეს კეთილი ნება აღარ იარსებებს, შესაბამისად "მაესტროს" აქ ყოფნა იქნება უკანონო", - განაცხადა გვენეტაძემ.