ტელეკომპანია "მაესტრო" შენობის გარეშე რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. ტელეკომპანიის განმარტებით, მოიპოვა წერილი, რომელიც შპს სტუდია "მაესტროს" შპს "მ-ინვესტმენტმა" გაუგზავნა.
"წერილი 2015 წლის 8 დეკემბრითაა დათარიღებული და აღნიშნულია, რომ "მ-ინვესტმენტს" 2015 წლის 31 დეკემბრის შემდეგ სტუდია "მაესტროსთან" აღარ სურს საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება.
მოგეხსენებათ ტელეკომპანია "მაესტრო" განთავსებულია "მ-ინვესტმენტის" შენობაში, ტექნიკა კი სტუდია "მაესტროს" ეკუთვნის.
"მ-ინვესტმენტის" წარმომადგენელი წერილში აღნიშნავს, რომ მათ აღარ სურთ ხელშეკრულების გაფორმება, თუმცა მაუწყებლობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად არ ითხოვენ საიჯარო ქონების დაუყოვნებლივ გამოთავისუფლებას.
წერილში ასევე საუბარია სტუდია "მაესტროს" მხრიდან მ-ინვესტმენტის მიმართ არსებულ დავალიანებაზე, რაც 255 ათას 90 ლარს შეადგენს", - აცხადებს "რუსთავი 2".
შპს "მ-ინვესტმენტის" 100 პროცენტიანი წილი მაკა ასათიანს ეკუთვნის. შპს სტუდია "მაესტროს" საკონტროლო პაკეტს (55 პროცენტი) კი, ბოლო მონაცემებით, გია გაჩეჩილაძე ფლობს. 15 პროცენტის მფლობელი მამუკა ღლონტია, 5 პროცენტის მფლობელი ეკატერინე აკობია, ხოლო 25 პროცენტის მაკა ასათიანი.
საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია მაესტროს დირექტორად დაარეგისტრირა.