დაზარალებულების ინფორმაციით, ქონება შანტაჟით და ღამის საათებში გადააფორმებინეს

დაზარალებულების ინფორმაციით, ქონება შანტაჟით და ღამის საათებში გადააფორმებინეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოკა კაციტაძე დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდა.

პროკურატურის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული სამი საცხოვრებელი ბინა და ერთი საოფისე ფართი დაუბრუნდებათ.

კოკა კაციტაძე დღეს მთავარ პროკურატურაში შეხვდა სამშენებლო კომპანია "მშენებელი XXI საუკუნის" დირექტორს მერაბ ლურსმანაშვილს, მის მეუღლეს მარინა მამაცაშვილს, კომპანიის დამფუძნებელს ნუგზარ ბარბაქაძეს, მის მეუღლეს მარინე რუაძეს, ასევე, კიდევ ერთი დაზარალებული მოქალაქის, რამაზ თოთლაძის ადვოკატს დავით კორკოტაშვილს.

კოკა კაციტაძემ მათ უკანონოდ ჩამორთმეული ბინების უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული პროცედურები განუმარტა.

"ახალმა დეპარტამენტმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ხუთ დაზარალებულ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული სამი საცხოვრებელი ბინა და ერთი საოფისე ფართი დაბრუნებოდა. ხსენებული უძრავი ქონების საერთო ღირებულება ერთ მილიონ ლარამდე აღწევს. 2010 წლის სექტებერში პროკურატურის წარმომადგენლებმა პროკურატურაში დაიბარეს დაკავებული მშენებლების მეუღლეები და მათ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, იძულებით დაათმობინეს მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინები. ერთ-ერთი მათგანი გადაფორმდა პროკურატურის ბალანსზე, მეორე საცხოვრებელი ბინა გადაფორმდა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე", - აღნიშნა კოკა კაციტაძემ.

მისივე განმარტებით, ბინების ჩამორთმევაში მხილებული ყოფილი პროკურორი პროკურატურის სისტემაში აღარ მუშაობს, სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან და აქედან გამომდინარე, უწყება მის სახელსა და გვარს არ ასახელებს, რადგან გამოძიება პროკურატურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიმართ მუშაობს. კაციტაძის ინფორმაციით, პროკურატურამ დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. მოხდა მისი მხილება და თანამშრომლობიდან გამომდინარე, მასთან მიმართებაში მიღებული იქნება ლიბერალური გადაწყვეტილება.

ამასთან, კიდევ ერთ საქმეზე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, განაჩენის შეცვლა მოხდა. მოქალაქე რამაზ თოთლაძეს ბრალდება მოეხსნა, პროკურატურის შუამდგომლობით მას თბილისში, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე 535 კვ.მ დუპლექსის ტიპის საცხოვრებელი ბინა და საოფისე ფართი დაუბრუნდება.

ჟურნალისტებთან ქონების დათმობის დეტალებზე ისაუბრეს დაზარალებულმა მოქალაქეებმა.

"2010 წელს განუკითხაობის ხანა იყო. ჩვენ მშენებლები, ვაშენებდით ბინებს, ვაკმაყოფილებდით მოსახლეობას. ჩამოგვართვეს შპს-ს ქონება, ალბათ არ ეყოთ და დაამატეს კერძო საკუთრება. დაჭერილები ვიყავით, სამი თვე გლდანის ციხეში ვიმყოფებოდით. მეუღლეები წაიყვანეს დაშინებით, შანტაჟით და ღამის საათებში გადააფორმებინეს კერძო საკუთრება იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენ ციხიდან გამოგვიშვებდნენ", - აღნიშნა მერაბ ლურსმანაშვილმა.

მშენებლების მეუღლეებმა კი გაიხსენეს, რომ დაკავებული მეუღლეებისთვის 12-დან 15 წლამდე, ასევე 15-25 წლამდე პატიმრობის მისჯით ემუქრებოდნენ, რის გამოც, იძულებული გახდნენ საკუთარი სახლი მთავრობისთვის ეჩუქებინათ.

კიდევ ერთი დაზარალებულის, რამაზ თოთლაძის ადვოკატის დავით კორკოტაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ექვს წლიანი დავის შემდეგ გამართლებულია, მოეხსნა ძებნილის სტატუსი და საქართვლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდება. თოთლაძეს ჯანაშიას ქუჩაზე დაახლოებით 500 000 -600 000 ლარის ღირებულების ქონება დაუბრუნდება.