C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გაგრძელდება იმდენი წელიწადი, ვიდრე ბოლო პაციენტი არ მიიღებს შესაბამის მკურნალობას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულ, ყოფილ და მომავალ პაციენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პროექტი გასული წლის აპრილში დაიწყო და პირველ ეტაპზე მოიაზრებოდა 5 000 ყველაზე მძიმე პაციენტის მკურნალობა, ხოლო შემდგომ წელიწადში 20 000 პაციენტის მკურნალობა. სერგეენკოს მტკიცებით, ეს ასეც მოხდა, წყვეტა არ ყოფილა და დღემდე, პირველ წელიწადს 5 000-ის ნაცვლად 7 000-ზე მეტი პაციენტი არის ჩართული მკურნალობაში. სერგეენკოს თქმით, მკურნალობის მეორე ეტაპი, ფაქტობრივად, ავტომატურად დაიწყო და გეგმის ფარგლებში გაგრძელდება.
"რაც შეეხება კრიტერიუმებს, გეტყვით, რომ იქნება ორი კრიტერიუმი, ეს არის, პირველი – ჯანმრთელობის მდგომარეობა და მეორე – დამატებითი რისკები. მე ძალიან მიხარია, რომ აწ უკვე ყოფილი პაციენტები მხარში გვიდგანან ამ პროგრამის განხორციელებაში. წელს ორი მნიშვნელოვანი განსხვავება და სიახლე იქნება, ეს არის მედიკამენტი "სოვალდის" ნაცვლად იქნება უფრო ძლიერი მედიკამენტი "ჰარვონი", რომელსაც აქვს მეტი წარმატებული მკურნალობის მაჩვენებელი და უფრო ნაკლები გვერდითი მოვლენები. რაც შეეხება მეორე სიახლეს, სულ ცოტა ხანში გაიხსნება ახალი სოციალური მომსახურების ცენტრი, რომელიც შესაძლებობას მოგვცემს ბევრად მეტი პაციენტი ჩაერთოს ერთობლივად მკურნალობაში, ვიდრე აქამდე იყო, რომ გავიდეთ იმ სიმძლავრეზე, რაც წელიწადში 20 000 პაციენტის მკურნალობას ნიშნავს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი და მკურნალობაგავლილი და მკურნალობაში ჩართვის მსურველი პაციენტები ესწრებოდნენ. პრემიერი პირადად გაესაუბრა პაციენტებს, რომლებიც ამ პერიოდის მანძილზე პროექტის მონაწილეები გახდნენ.
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", სადაც შეხვედრა გაიმართა, წარმოდგენილი იყო ყოფილი პაციენტის თემურ რადიანის კოლაჟების გამოფენა. ავტორმა ნამუშევრები განკურნების შემდეგ შექმნა. შეხვედრის ბოლოს ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა.