ჩვენ, ერთი მხრივ, ვასრულებთ ერთად ყოფნის ერთ ეტაპს - კოალიციური ცხოვრების ეტაპს, რომელიც სრულდება ოქტომბერში არჩევნებით და მეორე მხრივ, ვემზადებით მეორე ეტაპზე გადასასვლელად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ეს ორი ეტაპი ძალიან მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.
"პირველ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილმა შეკრიბა ქვეყნის გადამრჩენი ლაშქარი მიხეილ სააკაშვილისა და მისი რეჟიმისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად. ჩვენ ახლა ოქტომბერში არჩევნებზე მივიდვართ არა ბოროტებისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად, არამედ ქვეყნის წინ წასაყვანად", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, გადაიდგა ის ნაბიჯები, რომელიც გადასადგმელი იყო და დარწმუნებულია, რომ უახლოეს ხანებში ამის თაობაზე იქნება მეტი სიცხადე, "რომელიც სჭირდება კოალიციას, ქვეყანას, პარტიებს და ყველას".
"ეს ყველაფერი ხდება იმ ფორმატში, როდესაც ჩვენ ვართ სახელისუფლებო პასუხისმგებლობით დატვირთული, გვაკისრია სახელმწიფო პასუხისმგებლობა ჩვენს თანამდებობებზე, ამიტომ არანაირმა განსჯამ მომავლის თაობაზე, ხელი არ უნდა შეუშალოს მიმდინარე საკითხების საქმიან განხილვას და სწორი გადაწყეტილებების მიღებას.
ვინც ამ თემაზე ძალიან ნერვიულობს, მინდა მოიკრიბოს ძალა და ღონე, იმიტომ, რომ ხვალ და ზეგ შეიძლება მეტი სანერვიულო გაუჩნდეს ამ თვალსაზრისით, იმიტომ, რომ მეტი თემა იქნება განხილული, შეჯერებული და ეს არის ნორმალური, მრავალპარტიული ცხოვრება", -განაცხადა უსუფაშვილმა. a