თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა საბავშვო ბაღების პერსონალთან და აღსაზრდელების მშობლებთან შეხვედრებს აგრძელებს.
შეხვედრებზე ისეთი საკითხები განიხილება, როგორიცა თითოეული ბაღის საჭიროებები, პრობლემები, ასევე, უკვე განხორციელებულ და დაგეგმილი სიახლეები.
სააგენტოს ხელმძღვანელმა მორიგი შეხვედრა თბილისის 121-ე საბავშვო ბაგა-ბაღში გამართა. ბაღში კაპიტალური რემონტი უკვე ჩატარდა, დარჩენილია ფასადის მოწესრიგების სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, თორდინავამ ბაღისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში მშობლების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუშაობის ეფექტურობა დამოკიდებულია სააგენტოს, ბაღის პერსონალისა და მშობლების ურთიერთთანამშრომლობაზე.
„ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, შარშან 60-მდე ბაღში ვიყავი და 10 000-მდე ადამიანს შევხდი. 2016 წლის ბიუჯეტი სწორედ ამ შეხვედრების დროს გამოვლენილი პრიორიტეტების მიხედვით დაიგეგმა. ამ პრინციპს არც წელს დავარღვევთ, ვაპირებ, რომ მიმდინარე სააღმზრდელო წლის დასრულებამდე თბილისის ყველა ბაღში მივიდე და უშუალოდ პერსონალისა და მშობლებისგან მოვისმინო ინფორმაცია ბაღის საჭიროებების შესახებ. ასევე, მნიშვნელოვანია მათი შეფასებები სააგენტოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე“, - განაცხადა თემურ თორდინავამ.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი სააღმზრდელო დაწესებულებებში სტუმრობას ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს.