"კულტურის პალატა" მზად არის გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად პატრიარქის ინიციატივას შეუერთდეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს კულტურის პალატიდან" აცნობეს, "კულტურის პალატა" მზად არის შეუერთდეს საქართველოს პატრიარქის ინიციატივას - გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად და პალატის მიერ ორგანიზებული ყველა ღონისძიებიდან შემოსული გარკვეული თანხა სპეციალურ ფონდში ჩარიცხოს. ამის შესახებ კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა განაცხადა.
,,ჩვენ მზად ვართ უწმინდესის ამ ინიციატივას შევუერთდეთ და შევიტანოთ მცირედი წვლილი ამ სასიკეთო საქმეში. ყველა ჩევნს მიერ ორგანიზებული ღონისძიებებიდან შემოსულ გარკვეულ თანხას პალატა გადარიცხავს იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება. "კულტურის პალატა" ამ მიმართულებით წლებია მუშაობს, უწევს ფინანსურ თუ მატერიალურ თანადგომას არა ერთ ქართველ ხელოვანს, მათ ოჯახებს და შესაძლებლობების ფარგლებში გვერდით უდგას", - განაცხადა ოქიტაშვილმა.
კულტურის პალატის პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქს უახლოეს პერიოდში შეხვდება და ისაუბრებენ თანამშრომლობის დეტალებზე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ გაჭირვებული ადამიანებისთვის სახლის შესაძენად მრევლს ფულის შეგროვება დაავალა. ამ საკითხზე პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე ისაუბრა.
"მე მაქვს სურვილი, რომ ჩვენმა მრევლმა ვიყიდოთ სახლი და გაჭირვებული ადამიანებისთვის მოვაწყოთ თავშესაფრად. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ინტელიგენციას, ჩვენს მწერლებს, მხატვრებს, ხელოვნების მუშაკებს, რომელთაც არ შეუძლიათ თხოვნა და არ შეუძლიათ ვაჭრობა. მათ უნდა დავეხმაროთ და უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ გამოვიდნენ სტრესისგან. თქვენ ყველას გევალებათ, შევაგროვოთ ფული, ვიყიდოთ ასეთი სახლი, სადაც მივიღებთ გაჭირვებულ ადამიანებს", - მიმართა მრევლს პატრიარქმა.