საქართველოს მთავრობამ, ქვეყნის უწყვეტი გაზმომარაგებისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის საუკეთესო პირობები უზრუნველყო, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მიღების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მიზანია უზრუნველყოს ქვეყნის უწყვეტი და სტაბილური გაზმომარაგება, რასაც პრობლემა შეექმნა ქვეყანაში გაზრდილი მოხმარების გამო ბოლო პერიოდის განმავლობაში.
მინისტრის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად, საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებულმა ღია და ხანგრძლივმა მოლაპარაკებებმა სასურველი შედეგი გამოიღო.
"ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად გამოინახა დამატებითი საშუალებები საქართველოსთვის ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდებისთვის და დეფიციტის შესავსებად, კარგი პირობებით. ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმება უკვე შედგა, რაც პირადი ხელმოწერებით დაადასტურეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა და კომპანია "სოკარის" პრეზიდენტმა გასულ კვირას.
რაც შეეხება კომპანია "გაზპრომს", მოლაპარაკებები მასთან მიმდინარეობდა რუსეთიდან სომხეთში საქართველოს მფლობელობაში არსებული ინფრასტრუქტურით ტრანზიტის ხელშეკრულების გაგრძელების პირობების შესახებ, რაც ჩვეულებრივად ყოველი წლის ბოლოს ხდება 2004 წლის შემდეგ და აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი მოცულობების შესაძლო შესყიდვაზეც, იმ შემთხვევაში თუ საქართველო სხვა წყაროებიდან ვერ შეძლებდა ზამთრის სეზონზე არსებული დეფიციტის შევსებას", -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
როგორც მინისტრმა განმარტა, კომპანია "სოკართან" მიღწეული შეთანხმებიდან გამომდინარე, აღარ დგას "გაზპრომ ექსპორტი"-დან დამატებითი მოცულობების შესყიდვის საჭიროება.
"შესაბამისად, ტრანზიტის ხელშეკრულების არსებული პირობებით გაგრძელების შესახებაც შედგა შეთანხმება და მას ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება. საქართველო, სომხეთში ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის საფასურს კვლავ ნედლეულის სახით მიიღებს და "გაზპრომ ექსპორტისგან" დამატებითი მოცულობების შესყიდვის საჭიროების საკითხიც მოხსნილია. მიღწეული შეთანხმებების შედეგად, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის უწყვეტი გაზმომარაგებისთვის და ენერგოუსაფრთხოებისთვის საუკეთესო პირობები უზრუნველყო", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.