ბაია გადაბაძე ლევან გაჩეჩილაძეს და

ბაია გადაბაძე ლევან გაჩეჩილაძეს და "მაესტროს" თანამშრომლებს მიმართავს

"მაესტროს" უკვე ყოფილი დირექტორი, ბაია გადაბაძე ლევან გაჩეჩილაძეს მოუწოდებს დაასახელოს ადგილი, სადაც სურს ტელეკომპანია "მაესტროს" თანამშრომლებთან შეხვედრა, ხოლო თანამშრომლებს სთხოვს თვითონ გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა ლევან გაჩეჩილაძესთან მუშაობა. ამის შესახებ ბაია გადაბაძემ "მაესტროს" ეთერში განაცხადა, სადაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ლევან გაჩეჩილაძე დღესვე აპირებს თანამშრომლებთან შეხვედრას.

ბაია გადაბაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, ეს შენობა არ ეკუთვნის "მაესტროს" და ტელევიზიის მართვას გაჩეჩილაძე ამ შენობაში ვერ შეძლებს.

"თუ მას მიაჩნია, რომ მე რომელიმე თანამშრომელი ხელით მიჭირავს, რაიმე სახის ზეწოლას ვახორციელებ, ხოლო მათ გაქცევა უნდათ, მე ვთავაზობ ლევან გაჩეჩილაძეს გამოაცხადოს, სად უნდა მივიდნენ თანამშრომლები, რა შეთავაზება აქვს და საერთოდ რას სთავაზობს მათ.

მე ასევე მივმართავ "მაესტროს" თანამშრომლებს – თუ თქვენ გაინტერესებთ ლევან გაჩეჩილაძესთან მუშაობა, თქვენ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, გაესაუბროთ და გაარკვიოთ რას გთავაზობთ.

თქვენ იცით მე რას გთავზობთ. მე არ გთავაზობთ განსაკუთრებულად დიდ ხელფასებს, არ გხიბლავთ არაფრით. მე თქვენ გთავაზობთ დამოუკიდებელ ტელევიზიაში მუშაობას, რომელიც არავის მიერ არ იქნება მართული.

ამის შემდეგ მეცოდინება, ვაგრძელებ თუ არა თქვენთან ერთად ბრძოლას", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძე შპს "სტუდია მაესტროს" დირექტორად დაარეგისტრირა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად საჯარო რეესტრი ავრცელებს.

უწყების განმარტებით, ლევან გაჩეჩილაძე სტუდია "მაესტროს" დირექტორად თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1-ელი მარტის განჩინების საფუძველზე დარეგისტრირდა. როგორც საჯარო რეესტრში განმარტავენ, სასამართლოს განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.