ლევან გაჩეჩილაძეს შეუძლია მოვიდეს სტუმრის სტატუსით ამ შენობაში, მაგრამ მასპინძელი ვერ იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია "მაესტროს" 25%-იანი წილის მფლობელი მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განუცხადა.
მისი თქმით, შენობა არის მაკა ასათიანის საკუთრებაში და ის არ აპირებს უკანონოდ დანიშნული ლევან გაჩეჩილაძისთვის შენობის დათმობას. ადვოკატის განმარტებით, შენობა სადაც "მაესტრო" ფუნქციონირებს არის შპს "ინვესტმენტის" საკუთრებაში და ამ შენობის ადმინისტრაციული პროცესების სამართავად, მაკა ასათიანს დანიშნული ჰყავს ბაია გადაბაძე. შესაბამისად, შენობასთან დაკავშირებით ბაია გადაბაძე და მაკა ასათიანი იღებენ გადაწყვეტილებებს.
"მე შემიძლია გაგაცნოთ მაკა ასათიანის პოზიცია. მაკა ასათიანი შპს "სტუდია მაესტროს" 25%-იანი წილის მფლობელია. ჩვენი თვალსაზრისით, რომელიც არის სავსებით დასაბუთებული, უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე დარეგისტრირდა ლევან გაჩეჩილაძე დირექტორად. სანამ ეს რეგისტრაცია არ შეიცველება, მანამ ის არის შპს სტუდიას "მაესტროს" დირექტორი, თუმცა ძალიან გვაინტერესებს სად მიდის, საიდან უნდა უხელმძღვანელოს ტელეკომპანიას და დაასახელოს მისამართი. გვაინტერესებს რა მისამართზე აპირებს განთავსებას და საიდან უნდა უხელმძღვანელოს კომპანიას, რადგან ეს შენობა არის მაკა ასათიანის საკუთრება და მისი კეთილი ნების საფუძველზე ფუნქციონირებდა "მაესტრო" ამ შენობაში. მაკა ასათიანის პოზიციაა, რომ ის არ აპირებს უკანონოდ და უსამართლოდ მოსული დირექტორისთვის მისი საკუთრების დათმობას. სტუმრად ყველას მივიღებთ, მაგრამ მასპინძელი ვერ იქნება, რადგან ჩვენი შენობაა", - განაცხადა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, ლევან გაჩეჩილაძესთან მაკა ასათიანს რამდენიმე კითხვა აქვს.
"მან უნდა გაგვცეს პასუხი როდის და როგორ აპირებს დაფაროს 54 მილიონამდე დავალიანება, რომელიც ჩვენს მიმართ აქვს და საიდან და რა საშუალებით აპირებს ტელეკომპანიის მართვას. ჩვენ, როგორც 25%-იანი წილის მფლობელები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ნაჩქარევი, არასწორი და რეიდერული გამოხტომა ადრე თუ გვიან სამართლებრივად შევაჩეროთ. კერძო საკუთრებაში შეჭრას არავინ დაუშვებს, თუ მობრძანდებიან ცივილიზიებული ფორმით, მეურვესთან ურთიერთობის პრობლემა არავის აქვს", - აღნიშნა გვენეტაძემ.