ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის შემდეგ, ევროპაში ირანული ნავთობით დატვირთული პირველი ტანკერი ჩავიდა. "ბიბისის" ცნობით, 17-დღიანი მგზავრობის შემდეგ, მილიონობით ბარელი ირანული ნავთობი უკვე ევროპის ტერიტორიაზეა.
ევროპამ ირანული "შავი ოქროს" ყიდვა 2012 წელს შეწყვიტა, მაშინ როდესაც თეირანს ბირთვული პროგრამის გამო სანქციები დაუწესეს. 2016 წლის დასაწყისში კი სანქციები მოიხსნა, შედეგად აღდგა ირანული ნავთობის ექსპორტი.
"ბლუმბერგის" მონაცემებით, თებერვლის თვეში ირანული ნავთობით სავსე 29 ტანკერმა დატოვა ქვეყნის ტერიტორია და სამი ევროპის მიმართულებით გაემგზავრა.
სანქციების გაუქმება ირანის ეკონომიკის აღმასვლას გამოიწვევს. თუმცა, როგორც ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ განაცხადა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასების მნიშვნელოვანი კლების გამო სარგებელი იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე ელოდნენ. ამიტომაც ქვეყანამ სხვა გზებიც უნდა მოძებნოს იმისათვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს.