ლევან მურუსიძე:  გიორგი მიქაუტაძე ღირსეული ადამიანია

ლევან მურუსიძე: გიორგი მიქაუტაძე ღირსეული ადამიანია

გიორგი მიქაუტაძე ღირსეული ადამიანია, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ გიორგი მიქაუტაძის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება განცხადებებს, რომ მიქაუტაძე თავის დროზე აჯარიმებდა ოპოზიციურ პარტიებს, როგორც მურუსიძე აღნიშნავს, სასამართლოს უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკა.

"ოპოზიციური პარტიები გვაკრიტიკებენ, რომ მოსამართლეს მიღებული აქვს, ხელისუფლების სასარგებლოდ გადაწყვეტილება. ხელისუფლების წარმომადგენლები კი გვაკრიტიკებენ, რომ ოპოზიციის სასარგებლოდ აქვს მიღებული გადაწყვეტილება. მოსამართლის გადაწყვეტილება უნდა იყოს კანონიერი და გადწყვეტილების გამო, ვინმემ მოსამართლეს რომ ანგარიში მოსთხოვოს, დაუშვებელია. ის არის ღირსეული ადამიანი", - განაცხადა მურუსიძემ.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებას მიქაუტაძის მიმართ, რომ მისი მეუღლე მუშაობს პროკურატურაში და ეს ინტერესთა კონფლიქტია, მურუსიძეს ამის საპირისპიროდ ერთი მაგალითი მოყავს. "მინდა გავიმეორო, რომ მის მეუღლეს შემოტანილი ჰქონდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის განცხადება, თუმცა საბჭომ სხვა კანდიდატურას მიანიჭა უპირატესობა, აქედან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქმედებს სასამართლო ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა მურუსიძემ.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით მურუსიძე აღნიშნავს, რომ ტექნიკური ხარვეზი ბევრ მოსამართლეს მოსდის. რაც შეეხება შინაარსობრივს, მურუსიძის თქმით, ასეთი დარღვევა, რომ მიქაუტაძეს ჰქონოდა, მის გადაწყვეტილებას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები არ დაეთანხმებოდნენ.

"ტექნიკური ხარვეზები ბევრ მოსამართლეს მოსდის, შეიძლება შეეშალოს თვე, რიცხვი, გვარი, მაგრამ სასამართლოს ტექნიკური უზუსტობების გასწორების უფლება აქვს. ტექნიკურ შეცდომებს ვუშვებთ, რადგან ჩვენც ადამიანები ვართ", - განაცხადა მურუსიძემ.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას, რომ პროცესი შეჩერებულიყო, მურუსიძის თქმით, დღეს დაიდო საქალაქო სასამართლოს განჩინება, თუმცა განჩინების გარეშე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სასამართლოს თავმჯდომარის საკითხზე მსჯელობის სრული უფლება ჰქონდა.