საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო დღეს სხდომას გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საბჭოს აპარატიდან აცნობეს, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა.
"სხდომის მომხსენებლები იქნებიან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი; საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე.
"ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს სამხედრო ძალების სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამხედრო ძალების სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები", - აცხადებენ უშიშროების საბჭოში.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.