ირაკლი ალასანია:  ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა ქვეყანაში განუკითხაობაზე მიუთითებს

ირაკლი ალასანია: ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა ქვეყანაში განუკითხაობაზე მიუთითებს

ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა ქვეყანაში განუკითხაობაზე მიუთითებს, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ "TV პირველის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

ალასანია იმედოვნებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები ამ საქმეს სწრაფად გამოძიებენ. "როდესაც თავდასხმა ხორციელდება ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის გენერალურ მდივანზე, რომელსაც ასეთი ლაჩრული ჩასაფრებით, მეგობრის საფლავზე მისულ ადამიანს 5 ცეცხლსასროლი ჭრილობა მიაყენეს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად ყველა მოქალაქე არის დაუცველი. მე არანაირ წინასწარ შეფასებებს არ გავაკეთებ, რადგან იმედი მაქვს, რომ გამოძიებას ესმის, რამდენად სერიოზულად დგას საკითხი და იმედი მაქვს ძალიან სწრაფად დაადგენს ამ ლაჩრული მკვლელობის მცდელობის შემსრულებლებს. ასევე ჩვენ უნდა დავფიქრდეთ უბრალოდ იმაზე, რა ქვეყანას ვაშენებთ, სად არიან ის ორგანოები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოება. როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ასე ლაჩრულად უსწორდებან, ჩვენს ქვეყანას სჭირდება, საზოგადოებრივი წესრიგი იყოს დაცული, რათა ყველა მოქალაქემ საკუთარ ქვეყანაში დაცულად იგრძნოს თავი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, დღეს პრაქტიკულად მეორედ გარდაიცვალა ლევან მიქალაძე, როდესაც მის მეგობარს მის საფლავზე ასე გაუსწორდნენ. ”ეს არის პარტიის მიმართ დიდი თავდასხმა და ეს არის ჩვენი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის დიდი გამოწვევა”, - აღნიშნა ალასანიამ.

პარტიის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ალექსი პეტრიაშვილის საქმესთან დაკავშირებით სოლიდარობა გამოხატა. "მე ვხვდები, რომ როდესაც ასეთი სოლიდარობის განცდა აქვს ჩვენს საზოგადოებას, ჩვენ ამ უიმედობას, რომელიც სუფევს ქვეყანაში, დავძლევთ ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ალექსი პეტრიაშვილი ძალიან მალე გამოჯანმრთელდება და დაუბრუნდება პარტიას", - განაცხადა ალასანიამ.