თითიდან გამოწოვილი შავი პიარი ადასტურებს, რომ ანა დოლიძის კვალიფიკაციასთან მიმართებაში კითხვის ნიშნები არ არსებობს

თითიდან გამოწოვილი შავი პიარი ადასტურებს, რომ ანა დოლიძის კვალიფიკაციასთან მიმართებაში კითხვის ნიშნები არ არსებობს

თითიდან გამოწოვილი შავი პიარი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ანა დოლიძის პროფესიულ კვალიფიკაციასთან, პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან მიმართებაში კითხვის ნიშნები არ არსებობს, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ანა დოლიძე აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ რუსული არასამთავრობოს ინტერესებს იცავდა.

როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" ჩვეულ ფორმაშია და შავი პიარის კეთებას კვლავ აგრძელებს.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პარტია ევროპული სტილის პარტიად ვერ ფორმირდა, როდესაც გარკვეულ საკითხებს უნდა შეხედო არა ვიწრო პარტიული ინტერესიდან, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. დღეს თითიდან გამოწოვილი შავი პიარი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ანა დოლიძის პროფესიულ კვალიფიკაციასთან, პრინციპულობასთან და განათლებასთან, პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან მიმართებაში კითხვის ნიშნები არ არსებობს", - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, ანა დოლიძის სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა რეალურად არის ის რესურსი და შესაძლებლობა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებისთვის უნდა გამოიყენოს.