დღისით, მზისით ასეთი დანაშაულის ჩადენა მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ქვეყანაში კრიმინალური თვალსაზრისით, რაღაც არ არის სწორად და კარგად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან განაცხადა, სადაც "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერს ალექსი პეტრიაშვილს ოპერაცია უტარდება.
როგორც ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, თავდაპირველი ემოცია არის ის, რომ ძალიან მძიმეა, როდესაც ისმენ, რომ დღისით-მზისით ადამიანს, მოქალაქეს, პოლიტიკოსს რამდენიმე ტყვია ესროლეს.
"უპირველეს ყოვლისა, დღეს ჩვენ გვაინტერესებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რაც მთავარია, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსწრაფესად იქნას ეს საქმე გამოძიებული იმიტომ, რომ დღისით, მზისით, ხილულად ასეთი დანაშაული ჩადენა როგორღაც მიანიშნებს იმაზე, რომ კრიმინალური თვალსაზრისით, ამ ქვეყანაში რაღაც არ არის სწორად და კარგად. ვერანაირ კვალიფიკაციას და შეფასებას მე ბუნებრივია ვერ გავაკეთებ", - განაცხადა ჩიხრაძემ.
პრეზიდენტის მრჩეველის თქმით, მას ინფორმაცია ჯერჯერობით მხოლოდ სატელეფონო საუბრის დონზე აქვს. მისივე თქმით, ამ წუთში მოტივზე უფრო მეტად საინტერესოა, რა მოხდა და ვინ იყვნენ ისინი, "ვინც გაბედეს, რომ ასეთი ქმედება ჩაედინათ".
"ეს სროლა ისეთ გარემოებებშია ჩადენილი, რომ იმედი მაქვს, სამართალდამცველი ორგაოები კვალზე მალე გავლენ და ძალიან მალე საზოგადეობას ეცოდინება, რასთან გვაქვს საქმე", - განუცხადა ჩიხრაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს.