საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ხიდაშელი პროკურატურასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. თუმცა ხიდაშელის თქმით, ნაკლებად წარმოუდგენია, რომ რაიმე დამატებით ჰქონდეს სათქმელი პროკურატურისთვის.
"მთავარი შენიშვნა, რაც იყო - სპეცუბნის შექმნა, მის მიზანშეწონილობაზე იმსჯელა ორი ინსტანციის სასამართლომ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. ორივე ინსტანციამ თქვა, რომ სპეცუბნის შექმნა კანონის სრული დაცვით მოხდა. შემდეგ სპეციალური უბნის შედეგები თავიდან გადათვალა საოლქო-საარჩევნო კომისიამ. ესეც გასაჩივრდა ორი ინსტანციის სასამართლოში. აქაც სასამართლოს არანაირი დარღვევა არ აღმოუჩენია. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, დამატებით შესასწავლი არაფერი არ არის, მაგრამ რადგან პროკურატურამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და მათი აზრით, აუცილებელია რაღაც შეკითხვებს კიდევ პასუხი გაეცეს, ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს", - განაცხადა ხიდაშელმა პროკურატურის მიერ საგარეჯოში არჩევნების გაყალბების თაობაზე საჯარო განცხადებების საფუძველზე გამოძიების დაწყების ფაქტის კომენტირებისას.
ამასთან, ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ მოცემულობა არ შეიცვლება.