საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების თქმით, "თავისუფალი დემოკრატების" წევრის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე მკაცრი რეაგირება იქნება.
დეპუტატები აცხადებენ, რომ ამ საქმის გამოძიება უპირველესად ხელისუფლების ინტერესშია.
"არ ვარ ინფორმირებული ამ ფაქტის შესახებ, მაგრამ რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება ძალიან მკაცრი რეაგირება", - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.
მომხდარი "ძალიან ცუდ ფაქტად" შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ.
"საბედნიეროდ, არიან ამ სამწუხარო ფაქტის თვითმხილველები. უპირველეს ყოვლისა, ეს ხელისუფლების ინტერესშია სასწრაფოდ იქნას მომხდარი ფაქტი გამოძიებული და მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია. არ მგონია, რომ ამ დანაშაულის გახსნა შეუძლებელი იყოს ძალიან მცირე დროში", - აღნიშნა კვაჭანტირაძემ.