დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის ჯორჯ ოსბორნის თქმით, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს შექმნის. ამის შესახებ ოსბორნმა "ბიბისისთან" ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ ვნახეთ თუ როგორ დაეცა ფუნტი-სტერლინგის ღირებულება. ჩემი, როგორც დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის აზრით, ევროკავშირიდან გასვლა უდიდეს ეკონომიკურ შოკს გამოიწვევს ჩვენს ქვეყანაში და და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს არ მოხდეს", - განაცხადა ოსბორნმა.
როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, ევროკავშირიდან გასვლის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რიცხვი თითქმის თანაბარია. თუმცა, უფრო ღრმა კვლევით ირკვევა, რომ ბრიტანელების ორი მესამედი ევროკავშირისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი.
დიდ ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 23 ივნისსაა დაგეგმილი.