ქართული პროდუქცია EFTA-ს წევრი ქვეყნების 14-მილიონიან ბაზარზე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით შევა

ქართული პროდუქცია EFTA-ს წევრი ქვეყნების 14-მილიონიან ბაზარზე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით შევა

ქართული პროდუქცია EFTA-ს (ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია) წევრი ქვეყნების 14-მილიონიან ბაზარზე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით შევა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განუცხადა, სადაც "ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასა" და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი გაიმართა.

ამ რაუნდის დასრულების შემდეგ მედიისთვის განმარტებები გააკეთეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და EFTA-ს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჟან ფარბერგმა. გენადი არველაძემ საქართველოს მოსახლეობას და ქართველ მწარმოებლებს EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ ამის შედეგად ქართველ მწარმოებლებს საქართველოში ნაწარმოებ პროდუქციაზე 14-მილიონიანი მაღალ მსყიდველუნარიანი ბაზარი ეხსნებათ.

"ეს წარმატება მინდა ჩვენს მოსახლეობას მივულოცო. დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ისინი დამატებით შეძლებენ თავიანთი პროდუქცია გაიტანონ ექსპორტზე აღნიშნულ ქვეყნებში", - განაცხადა გენადი არველაძემ.

მისივე განმარტებით, "ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციაში" შედის ოთხი ქვეყანა - შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი. არველაძის თქმით, აღნიშნულ ქვეყნებთან საქართველომ მიაღწია იმას, რომ სამრეწველო პროდუქცია სრულიად გათავისუფლებულია ტარიფებისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებითი საბაჟო გადასახადების გარეშე ყველანაირი სამრეწველო პროდუქტი შევა ოთხივე ქვეყანაში.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის პროდუქტს, ოთხივე ქვეყნის ბაზარი ძალიან მგრძნობიარეა ამ კუთხით, მაგრამ ამის მიუხედავად საქართველომ მიაღწია უპრეცედენტო შეთანხმებას და ძირითად საქართველოსათვის მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქციაზე ჩვენ გვაქვს ტარიფები ნული, ხოლო გარკვეულ პროდუქტებზე გვაქვს თითქმის განახევრებული და მინიმუმამდე დაყვანილი ტარიფები", - განაცხადა გენადი არველაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ როდის შევა ძალაში აღნიშნული შეთანხმება, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მას შემდეგ რაც ხელი მოეწერება შეთანხმებას, შემდეგ უკვე აღნიშნული ქვეყნების პარლამენტებმა უნდა გაუკეთონ რატიფიცირება შეთანხმებას. გენადი არველაძემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ხუთივე ქვეყანა, საქართველოს ჩათვლით, მალე დაასრულებს შიდა სახელმწიფოებრივ პროცედურებს და ხელშეკრულება ძალაში მალე შევა.

თავის მხრივ, EFTA-ს დელეგაციის ხელმძღვანელმა ჟან ფარბერგმა მოლაპარაკებების დასრულება მიულოცა ქართულ მხარეს და აღნიშნა, რომ ამ წლის 27 ივნისს შვეიცარიაშია, ქალაქ ბერნში საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოეწერება ხელი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი მოლაპარაკების დაწყების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება 2014 წლის 17 ნოემბერს, ჟენევაში გამართულ EFTA-ს მინისტერიალზე იქნა მიღებული. სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასასრულებლად გათვალისწინებული იყო ოთხი რაუნდი, თუმცა მხარეებს შორის ეფექტური თანამშრომლობის შედეგად მოლაპარაკებების დასრულება სამ რაუნდში გახდა შესაძლებელი.