ანა დოლიძე არც ერთი პარტიის წევრი არ არის, შესაბამისად, პოლიტიკური სიმპათიებისგან ნამდვილად დაცლილია და მისი ყველა პოზიცია ამ მოსაზრებას და შეფასებას ადასტურებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს წევრად თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა დოლიძის კანდიდატურის წარდგენის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
ამასთან, კორძაიას თქმით, მან არ იცის დაუჭერს თუ არა პარლამენტი მხარს დოლიძის კანდიდატურას, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანოში 150 წევრია და მათ ნაცვლად განცხადებას ვერ გააკეთებს.
კორძაია ასევე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ანა დოლიძე აგვისტოს ომის შემდეგ რუსული მხარის ინტერესებს იცავდა.
"ნაციონალური მოძრაობა", როგორც პოლიტიკური ძალა, აკეთებს პოლიტიკურ შეფასებებს, თუმცა, ვფიქრობ, არავითარი საფუძველი იმისა, რომ ანა დოლიძეს პუტინის რეჟიმისადმი რაიმე სიმპათიები აკავშირებს, არ არსებობს, ეს უბრალოდ აბსურდია", - განაცხადა კორძაიამ.