ამ ხელისუფლებას არ შეუძლია არც ჩვენი თანამოქალაქეების შრომითი უფლებების და არც კერძო პირის საკუთრების დაცვა, - ასე გამოეხმურა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი ტყიბულის მაღაროში არსებულ ვითარებას.
მისივე თქმით, ეს არის სწორედ უმთავრესი პრობლემა და ამას მიანიშნებს გუშინ ტყიბულში განვითარებული მოვლენები.
"ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მორიგი გაუთვლელი ნაბიჯი გადადგა, როდესაც გააუქმა ის შეღავათები, რომელიც ტყიბულელებს და მაღაროელებს გააჩნდათ. ზუსტად ეს იყო კატალიზატორი იმ გადაწყვეტილებისა, რამაც მიიყვანა ტყიბულელი მაღაროელები გაფიცვამდე.
ხელისფლებამ მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, დროზე უნდა ჩართულიყო ამ ყველაფერში და ჩართულიყო არა მხოლოდ საშუალო დონის ბიუროკრატიით, არამედ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე და აეღო გარკვეული პასუხისმგებლობა", - განაცხადა ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, მაჟორიტარი პირდაპირ საუბრობდა და არაერთხელ გააკეთა განცხადება მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნიდან, რომ იმ პერიოდისთვის ხელისუფლებას არ გააჩნდა კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა მოეგვარებინა ის პრობლემები, რაც მაღაროელებს გააჩნდათ.
"მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ არავინ არ უნდა ისარგებლოს იმ მოთხოვნებით, რა მოთხოვნებიც გააჩნიათ მაღაროელებს. გაფიცვა მათი უფლებაა, თუმცა ამ გაფიცვის გამოყენება, თუნდაც პოლიტიკური მიზნებისთვის ან რაღაც გარკვეული არეულობის გამოწვევისთვის სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან არის მიუღებელი", - განაცხადა ჩიქოვანმა.