სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნებაში ბრალდებული ორი ჟურნალისტი თურქეთის ციხიდან გაათავისუფლეს

სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნებაში ბრალდებული ორი ჟურნალისტი თურქეთის ციხიდან გაათავისუფლეს

თურქეთში ორი ჟურნალისტი, რომელთაც სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნება ედებათ ბრალად, ციხიდან გაათავისუფლეს. 

"ბიბისის" ცნობით, გამოცემა "ჯუმჰურიეთის" ჟურნალისტები - ჯან დუნდარი და ერდემ გული გასული წლის ნოემბერში დააკავეს. მათ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს თურქეთის მთავრობამ სირიაში ისლამისტებისთვის შეიარაღების გაგზავნა სცადა. 

"ჯუმჰურიეთის" რედაქტორმა ჯან დუნდარმა და გამოცემის ანკარის ბიუროს ხელმძღვანელმა ერდემ გიულმა ციხეში 92 დღე გაატარეს. მათ საქმესთან დაკავშირებით მორიგი სასამართლო პროცესი 25 მარტს გაიმართება. 

"ეს არის სასამართლო პროცესი მედიის თავისუფლების შესახებ. ჩვენ გამოგვიშვეს, თუმცა, 30-ზე მეტი ჩვენი კოლეგა კვლავ ციხეშია. ვიმედოვნებ, რომ ამ გადაწყვეტილებას დანარჩენების გათავისუფლებაც მოჰყვება", - განაცხადა დუნდარმა. 

მისივე თქმით, ის გააგრძელებს ბრძოლას მედიის თავისუფლებისთვის "მანამ ვიდრე ეს საკონცენტრაციო ბანაკი, რომელიც ჩემ უკან დგას, არ გადაიქცევა მუზეუმად". 

თურქეთი მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით 180 ქვეყანას შორის 149-ე ადგილასაა. ქვეყანაში 30-ზე მეტი ჟურნალისტია ციხეში. მათი უმრავლესობა ქურთია.