გაფიცული მეშახტეები დღეს აქციის განახლებას გეგმავენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ტყიბულიდან იუწყება, ამ დროისთვის მინდელის სახელობის შახტასთან სიმშვიდეა და მხოლოდ რამდენიმე მეშახტე იმყოფება, თუმცა აქციის მონაწილეები შეკრებას გეგმავენ.
ადგილზე იმყოფებიან მედიის და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც.
როგორც ცნობილია, ტყიბულში გაფიცული მეშახტეები წუხელ შახტის ადმინისტრაციის ეზოში შეიჭრნენ და ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. ისინი ადმინისტრაციის შენობაში ფანჯრიდან გადავიდნენ. მათთან ერთად იმყოფება ადგილობრივი მოსახლეობა.
ადგილზე სიტუაციის დაძაბვის გამო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. შახტის ადმინისტრაციის შენობასთან ტყიბულის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაუკავებიათ.
დაახლოებით ერთ საათში გაფიცულმა მაღაროელებმა "საქნახშირი ჯი-აი-ჯის" ადმინისტრაციის შენობა დატოვეს. ვითარების განმუხტვა სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ მოხერხდა.
ტყიბულში მაღაროელები რამდენიმე დღეა გაფიცულები არიან. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა.