ანასტასია ზაუტაშვილის დედა ადვოკატ კობა კობახიძის მიერ თედო კობახიძის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს

ანასტასია ზაუტაშვილის დედა ადვოკატ კობა კობახიძის მიერ თედო კობახიძის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს

ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილის დედა ჟანა მუსემიანი ადვოკატ კობა კობახიძის მიერ მანანა კობახიძის ძმის, თედო კობახიძის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ თანხაზე, რაზეც კობა კობახიძე საუბრობს, ლაპარაკი არ ყოფილა.

როგორც ჟანა მუსემიანმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, ადვოკატ კობა კობახიძის საადვოკატო ჰონორარი 6250 ევრო იყო და მას შემდეგ, რაც "ვერაფრის გაკეთება" შეძლო, ეს თანხა მან უკან დაუბრუნა. 

"რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ის (კობა კობახიძე) ცნობილი აფერისტია. მისი ბრალდებები სიმართლეს აბსოლუტურად არ შეესაბამება. რა მიზნებს ისახავს, არ ვიცი, რადგან ყველაფერი წელიწადნახევრის წინ იყო და არ ვიცი, ახლა რატომ იხსენებს. ალბათ ყველაფერი პოლიტიკური მიზნებისთვის ხდება და არ ვიცი, აქ ჩემი შვილი რა შუაშია. საადვოკატო თანხად – 6250 ევრო განისაზღვრა, რაც მე მას გადავუხადე და შემდგომში, როცა ვერაფერი შეძლო, თანხა 4-5 თვეში უკან დამიბრუნა. რაც შეეხება 75 000-ს, არ ვიცი, ეს საიდან არის მოტანილი. 75 000 მის მიერ მოგონილი თანხაა – ასეთ თანხაზე ლაპარაკი არ ყოფილა", - აცხადებს ჟანა მუსემიანი. 

ადვოკატ კობა კობახიძის მტკიცებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის ძმამ თედო კობახიძემ ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულებისგან საადვოკატო ჰონორარის სახით 6250 ევროს აღება, გამარჯვების შემთხვევაში კი, თითოეულისგან 75 000 ევროს მოთხოვნა ურჩია.