კობა კობახიძე - პროკურატურას გადავეცი მასალები, რომლითაც თედო და მანანა კობახიძეების სამოხელეო დანაშაული მტკიცდება

კობა კობახიძე - პროკურატურას გადავეცი მასალები, რომლითაც თედო და მანანა კობახიძეების სამოხელეო დანაშაული მტკიცდება

ადვოკატ კობა კობახიძის განცხადებით, მან პროკურატურას მიაწოდა მასალები, რომლითაც თედო და მანანა კობახიძეების სამოხელეო დანაშაული მტკიცდება. ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ "ინტერპრესნიუსს" კობა კობახიძემ განუცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, საუბარია სატელეფონო ჩანაწერებზე, რომელსაც თავად ინახავდა. აღნიშნულ ჩანაწერებში კი იკვეთება, რომ თედო კობახიძე დაინტერესებულია ამ საქმით. კობა კობახიძის თქმით, ჩანაწერებში საუბარია იმაზე, რომ მან საქმის გაცნობის თანხა დაუბრუნა ანასტასია ზაუტაშვილს და ეს თანხა წარმოადგენდა 6250 ლარს. კერძოდ, კობა კობახიძის თქმით, ხელშეკრულებით გათვლილი იყო, რომ საქმის გაცნობის მიზნით, თავდაპირველად აღნიშნული თანხა უნდა გადაეხადა ანასტასია ზაუტაშვილს და მასთან ერთად მსჯავრდებულებს, შემდეგ კი როდესაც შეწყალებით მათი გათავისუფლება მოხდებოდა, თედო კობახიძის დავალებით თითოეულს უნდა გადაეხადა 75 000. 

კობა კობახიძის თქმით, აღნიშნულ თანხებზე შეთანხმება ხდებოდა ანასტასია ზაუტაშვილის დედასთან. ადვოკატი აცხადებს, რომ მან პროკურატურას მიაწოდა ჩანაწერები, რომელიც შარშან არის ჩაწერილი. ასევე, ერთ-ერთი სატელეფონო ჩანაწერია ანასტასია ზაუტაშვილის დედასთან, რომელიც მიმდინარე წლის 19 თებერვალს არის ჩაწერილი.

"19 თებერვლის ჩანაწერში მე ანასტასია ზაუტაშვილის დედასთან დავაზუსტე, დაუბრუნა თუ არა თედო კობახიძემ მას საქმის მასალების გაცნობის მიზნით აღებული თანხა და დავაზუსტე თანხის ოდენობა. მასალებისთვის 5 ათასი ლარი იყო განსაზღვრული, საშემოსავლო გადასახადი კი 1250 ლარს შეადგენდა. თედო კობახიძე იმდენად იყო შეშინებული, რომ ანასტასია ზაუტაშვილის დედას დაუბრუნა 6250 ლარი, ანუ ისიც, რაც სახელმწიფოს გადაუხადა", - განაცხადა კობა კობახიძემ.

მისი შეფასებით, თედო და მანანა კობახიძეების მხრიდან, ზეგავლენით ვაჭრობის დანაშაული იკვეთება, რაც არის სამოხელეო დანაშაული. კობა კობახიძე განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, თანხა აიღო თუ არა თედო კობახიძემ. 

"ის, რომ იგი პირს ჰპირდებოდა მსჯავრდებულების შეწყალებით გათავისუფლებას, უკვე არის ზეგავლენით ვაჭრობა, რაც წარმოადგენს სამოხელეო დანაშაულს", - განაცხადა კობა კობახიძემ.

მისივე თქმით, სატელეფონო ჩანაწერები, რომელიც პროკურატურას გადასცა, არის მის მიერ მომზადებული ტელეფონის შესაბამისი პროგრამით, რომელსაც ადვოკატი ინახავდა. კობა კობახიძის თქმით, აღნიშნული ჩანაწერები დალუქულია, პროკურატურაში მისი თანდასწრებით გახსნიან, შეისწავლიან, რის შემდეგაც მას სავარაუდოდ, გამომძიებლების დამატებით შეკითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემა.

"ჩანაწერები წარმოადგენს 206 მეგაბაიტს, მოისმენენ ამ ჩანაწერებს, თუკი მის ნამდვილობაში ეჭვი შეეპარებათ, ჩაატარებენ ჰონოსკოპიურ ექსპერტიზას, რის შემდეგაც სავარაუდოდ, დამიბარებენ და დამატებით შეკითხვებზე გავცემ პასუხს", - განაცხადა კობა კობახიძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, რატომ არ აცნობა აღნიშნული ჩანაწერების შესახებ აქამდე გამოძიებას, კობა კობახიძემ განმარტა, რომ იგი თავდაპირველად ელოდებოდა ალეკო ელისაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ პროკურატურას ე. წ. შეწყალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დამატებით მასალებს მიაწვდიდა. მას შემდეგ, რაც ეს მასალები ელისაშვილმა არ წარადგინა, კობა კობახიძემ აღნიშნა, რომ თავად გადაწყვიტა პროკურატურისთვის დამატებითი დეტალების შესახებ ეცნობებინა.