მოსკოვი აზერბაიჯანს მოუწოდებს, სომხეთთან სამხედრო თანამშრომლობის ფაქტს გაგებით მოეკიდოს

მოსკოვი აზერბაიჯანს მოუწოდებს, სომხეთთან სამხედრო თანამშრომლობის ფაქტს გაგებით მოეკიდოს

მოსკოვი ერევანთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფაქტს არ მალავს და აზერბაიჯანს მოუწოდებს, ამას გაგებით მოეკიდოს. "ტასის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

"ჩვენ აზერბაიჯანულ მხარეს დიპლომატიური არხებით უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ რუსეთი სომხეთთან დაკავშირებულია მოკავშირეობრივი ურთიერთობებით. ასევე ავითარებს სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობასაც. ჩვენ ამ თანამშრომლობას არ ვმალავთ. ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანში ამას გაგებით აღიქვამენ", - აღნიშნას ზახაროვამ. მისივე თქმით, მოსკოვი, შეიარაღების მიწოდებისას რეგიონში არსებულ ყველა რისკს ითვალისწინებს.

აზერბაიჯანმა რუსეთს გუშინ საპროტესტო ნოტა გადასცა. ბაქოში მიიჩნევენ, რომ ერევნის მიერ შეძენილი შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა მთიან ყარაბაღში დისლოცირდება.

18 თებერვალს, რუსეთმა სომხეთთან შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც იარაღის შესაძენად 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ათწლიანი კრედიტის გამოყოფას ითვალისწინებს.