მანანა კობახიძე :  ანა დოლიძისადმი სანდოობის ხარისხი მაღალია

მანანა კობახიძე : ანა დოლიძისადმი სანდოობის ხარისხი მაღალია

ანა დოლიძე ძალიან კარგი იურისტია და როგორც პიროვნებაზე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ანა დოლიძის წარდგენას.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კარგად იცნობდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალს, რაშიც დეპუტატის შეფასებით, ანა დოლიძეს კარგი კვალიფიკაცია და განათლება გააჩნია.

"დიდი ხანია ანა დოლიძეს ვიცნობ, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე იყო. მაშინ ძალიან აქტიური იყო ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში. ეს განსაკუთრებით რთული წლები იყო – მიხეილ სააკაშვილის პერიოდი, სანდრო გირგვლიანის ტრაგიკული საქმის პერიოდი, რა დროსაც მისი ორგანიზაცია და თავადაც ძალიან აქტიური იყო იმ პრობლემებთან ბრძოლაში, რაც წინა ხელისუფლების სისტემურ დანაშაულებს ეხებოდა. შემდეგ ის კარგა ხანს ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო, სწავლობდა სამართლის მიმართულებით. ვიცი, რომ ძალიან კარგი განათლება აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. ანა დოლიძე ძალიან კარგი და კვალიფიციური იურისტია. როგორც პიროვნება მასზე შემიძლია მხოლოდ დადებითი ვთქვა – საკმაოდ პოზიტიური ადამიანია. მისი შეურიგებელი ბრძოლიდან გამომდინარე, სანდოობის ხარისხიც მაღალია, თუმცა შეიძლება ამ ყველაფრის პარალელურად, გარკვეულწილად საკითხი დაისვას მის სამოსამართლეო ან ხანგრძლივ საადვოკატო გამოცდილებასთან დაკავშირებით, მაგრამ უზენაეს სასამართლოში შეიძლება ისეთი წევრი ავირჩიოთ, რომ მას არ ჰქონდეს ქვედა ინსტანციაში მოსამართლეობის გამოცდილება – ასეთ შეზღუდვას კანონი და კონსტიტუცია არ ითვალისწინებს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მანანა კობახიძემ.