რამდენად იქნება ანა დოლიძე პოლიტიკური სიმპათიებისგან დაცლილი მოსამართლე, დრო გვაჩვენებს

რამდენად იქნება ანა დოლიძე პოლიტიკური სიმპათიებისგან დაცლილი მოსამართლე, დრო გვაჩვენებს

განსხვავებით წინა შემთხვევებისგან, ანა დოლიძის კანდიდატურა პროფესიულ წრეებთან კონსულტაციებით არ შერჩეულა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს და პრეზიდენტის გადაწყვეტილება კონსტიტუციურია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იურისტმა ლევან ალაფიშვილმა პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძის კანდიდატურის წარდგენის გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.

ალაფიშვილის თქმით, რამდენად იქნება ანა დოლიძე პოლიტიკური სიმპათიებისგან დაცლილი მოსამართლე, დრო და მოსამართლის კანონისადმი ერთგულება გვაჩვენებს.

"როდესაც თანხმობას აცხადებ სასამართლო სისტემაში წასვლაზე, ამით ბუნებრივია ყველა შენს სიმპათიაზე და მანამდე არსებულ სამოქალაქო თუ პოლიტიკური პოზიციის საჯაროდ გამოხატვაზე უარს ამბობ ან გადაწყვეტილების მიღების დროს მისგან იმიჯნები", - აღნიშნა ალაფიშვილმა.

მისივე თქმით, ანა დოლიძეს მართალია, არ აქვს სამოსამართლეო გამოცდილება, მაგრამ აქვს გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და დრო გვიჩვენებს, იქნება თუ არა ეს საკმარისი თანამდებობაზე სათანადოდ დამკვიდრებისთვის.

"უზენაესი სასამართლო მაინც კოლეგიურად იღებს გადაწყვეტილებებს, ამიტომ პროფესიული კუთხით არ მგონია, ანას მონაწილეობით განხილულ საქმეს რაიმე დააკლდეს ან რაიმე დაზიანდეს. თუკი გადახედავთ წინა შემთხვევებსაც, მოსამართლეებად გამწესებული კანდიდატებიდან ყველას არ ჰქონდა სამოსამართლეო გამოცდილება, მაგრამ ამას კანონთან რაიმე წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. განსხვავებით სხვა შემთხვევისგან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან მიმართებაში ე.წ. პროფილით მუშაობის გამოცდილების მოთხოვნა არ არსებობს. მართალია, განსხვავებით წინა შემთხვევებისგან ისეთივე წესით არ შერჩეულა ქალბატონ ანას კანდიდატურა, მხედველობაში მაქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ან სხვა კონსტიტუციური ინსტიტუტების წევრთა შერჩევის პროცედურა, დასახელებამდე გაცილებით ადრე აკადემიური თუ პროფესიული წრეების მონაწილეობით, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. გადაწყვეტილება კონსტიტუციურია, ეს პრეზიდენტის დისკრეციაა და მას, ალბათ, ჰქონდა საფუძველი ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის", - განაცხადა ალაფიშვილმა.

ამასთან, იგი ვერ ხედავს რაიმე წინაპირობას, რომ ანა დოლიძის კანდიდატურას რაიმე პრობლემა შეხვდეს პარლამენტში მხარდაჭერის თვალსაზრისით.