ნატო-ს წევრები მიგრაციული კრიზისის დაძლევის საქმეში ევროკავშირისთვის დახმარების გაწევის პირობებზე შეთანხმდნენ

ნატო-ს წევრები მიგრაციული კრიზისის დაძლევის საქმეში ევროკავშირისთვის დახმარების გაწევის პირობებზე შეთანხმდნენ

ნატო-ს წევრები ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მიგრაციული კრიზისის დაძლევის საქმეში ევროკავშირისთვის დახმარების გაწევის პირობებზე შეთანხმდნენ.

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შესაბამისი ოფიციალური განცხადება ნატო-ს ვებგვერდზე განთავსდა.

სტოლტენბერგის ინფორმაციით, ნატო ეგეოსის ზღვაში საზღვაო ოპერაციას ჩაატარებს, რომელიც მიმართული იქნება ევროპაში ლტოლვილთა უკანონო გადაყვანის არხების აღკვეთისკენ.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ეგეოსის ზღვის აკვატორიაში უკვე იმყოფებიან ნატო-ს ხომალდები, რომლებიც "დაზვერვას, მონიტორინგსა და დაკვირვებას" ახორციელებენ და შემდეგ, ინფორმაციას სანაპირო დაცვის წარმომადგენლებს, ასევე საბერძნეთისა და თურქეთის ხელისუფლებებს გადასცემენ.

"ჩვენი წვლილი გამოიხატება, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ვუზრუნველყოთ და ხელი შევუწყოთ ინფორმაციის უფრო ინტენსიურ გაცვლას საბერძნეთისა და თურქეთს შორის, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე მათგანი ნატო-ს წევრია, მაგრამ მხოლოდ საბერძნეთი არის ევროკავშირში გაწევრიანებული", - აცხადებს სტოლტენბერგი, რომლის თქმით, ამ თვალსაზრისით ნატო-ს შეუძლია "უნიკალური როლი" შეასრულოს ალიანსსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პლატფორმის სახით.

ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით, მიგრაციული კრიზისი ჰუმანიტარული ტრაგედიაა, რომელიც მოითხოვს ერთობლივ მუშაობას.