"თავისუფალი დემოკრატები" მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გატანისკენ მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს

"თავისუფალი დემოკრატები" მთავრობას მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გატანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ცაგარეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათთვის მიუღებელია მთავრობის წევრების განცხადებები იმის შესახებ, რომ კანონპროექტი პარლამენტიდან უკვე გატანილია.

ცაგარეიშვილის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში კანონპროექტის გაწვევის შესახებ მოთხოვნა დარეგისტრირებული არ არის.

"ჩვენს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო სექტორთან გამართული კონსულტაციები ცხადყოფს, რომ მიწის რეგისტრაციის საკითხების მიმართ საჭიროა სისტემური მიდგომა. მოსამზადებელია საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი, რომელიც საბოლოოდ მოაწესრიგებს ამ ურთულეს პრობლემას და არა ისეთი ფრაგმენტული ცვლილება, რომელიც წარმოდგენილია კანონის პროექტის ავტორების მხრიდან საქართველოს პარლამენტში. ამ თემასთან მიმართებაში არ არის საჭირო პოლიტიკური კეკლუცობა და გასწრობანას თამაში - ვინ ვის მოასწრებს პარლამენტში ალტერნატიული კანონის შეტანას. "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "გირჩსაც" 9 წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ მიწის რეფორმა გაეტარებინათ, ეზრუნათ გლეხზე და იმ ნახევარ მილიონ მიწის მესაკუთრეზე, ვისაც დღეს პრობლემა ექმნება", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროში დევს USID-ის მხარდაჭერილი მაშტაბური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მიწის რეფორმას და ამ პრობლემის გადაჭრის კონკრეტულ ხედვას.

"ეს პროექტიც დასახვეწია, თუმცა მასზე მსჯელობა ყველაზე ადეკვატურად მიგვაჩნია. ამ პროექტზე დაიხარჯა უზარმაზარი ადამიანური და ფინანსური რესურსი. რატომ მალავს იუსტიციის სამინისტრო ამ პროექტს, გაუგებარია. ახლა მთავარია საქართველოს მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ერთად ვიმსჯელოთ და შევქმნათ ისეთი კანონი, რომელიც, პირველ რიგში, მიწის მფლობელებზე იქნება გათვლილი და არ იქნება მოსახლეობისთვის ფულის გამოძალვის მექანიზმი", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

კანონპროექტის პარლამენტიდან გათხოვნის შესახებ მოთხოვნა "თავისუფალმა დემოკრატებმა" საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოფიციალურად ერთი კვირის წინ გაუგზავნეს.