საგადასახადო შეღავათი აღუდგება ყველას, ვისაც 2016 წლის 1-ელი იანვრიდან შეუწყდა

საგადასახადო შეღავათი აღუდგება ყველას, ვისაც 2016 წლის 1-ელი იანვრიდან შეუწყდა

ჩვენ გავაანალიზეთ არსებული სიტუაცია და მიგვაჩნია, რომ საგადასახადო შეღავათის გაუქმებით შესაძლებელი იყო, ზოგიერთი კატეგორიის გადამხდელისთვის მდგომარეობა უმნიშვნელოდ გაუარესებულიყო, - ამ მიზეზით ახსნა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საგადასახადო შეღავათების აღდგენის გადაწყვეტილება მათთვის, ვინც აღნიშნული შეღავათებით 2016 წლის 1-ელ იანვრამდე სარგებლობდნენ.

ხადურის თქმით, აღნიშნული შეღავათი წელიწადში 3 000 ლარამდე შემოსავლის 10%-ით დაბეგვრას ითვალისწინებს.

"მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა ახალი კანონი, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში გარკვეული ტიპის ღონისძიებებს, მათ შორის, საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს. ქალაქი ტყიბული არ არის მაღალმთიან ზონაში, ის არის ზღვის დონიდან დაახლოებით 700 მეტრზე და შესაბამისად, არ ყოფილა შეყვანილი ახალ ჩამონათვალში. ამავე დროს ჩვენ გავითვალისწინეთ ის, რომ ასეთი შეღავათი არსებობდა 31 დეკემბრის ჩათვლით და პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს და გააგრძელოს გასული წლის ბოლომდე არსებული საგადასახადო შეღავათის მოქმედება მათთვის, ვისაც ახალი კანონის მიღების შემდეგ ეს შეღავათი გაუუქმდა. საუბარი შეეხება ამ შემთხვევაში არამხოლოდ მაღაროელებს, ვისაც ეს შეღავათი ჰქონდა", - განაცხადა ხადურმა.