ეროვნული ბანკი კონსტიტუციური ორგანოა, ის არ არის მთავრობის ნაწილი, შესაბამისად, მე როგორც მთავრობის წევრი მის საქმიანობას ვერ შევაფასებ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებდა ეროვნული ბანკის და გიორგი ქადაგიძის საქმიანობას.
ნოდარ ხადურის განცხადებით, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის კომუნიკაცია პრაქტიკულად ონლაინ რეჟიმში უნდა იყოს.
"მთავარია, რომ კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, განსაკუთრებით ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს შორის იყოს პრაქტიკულად ონლაინ რეჟიმში. ძალიან ბევრი მაკროეკონომიკური თემაა, რომელზეც საჭიროა შეთანხმებული და კოორდინირებული საქმიანობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთ-ერთი სამსახური მეორეს საქმიანობაში უნდა ერეოდეს", - განაცხადა ხადურმა.
კითხვაზე, ეს აქამდე როგორ იყო, ხადურმა განაცხადა, რომ კომუნიკაცია იყო ძალიან ბევრ თემაზე.
როგორც ხადურმა აღნიშნა, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტში უკვე წარდგენილია, რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, პრეზიდენტის მოვალეობას ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს. "ცხადია, რომ ბანკს ეყოლება პრეზიდენტი", - დასძინა ხადურმა.