მკლავჭიდელები ფედერაციის პრეზიდენტობიდან სოსო ჯაჭვლიანის გადადგომას მოითხოვენ

მკლავჭიდელები ფედერაციის პრეზიდენტობიდან სოსო ჯაჭვლიანის გადადგომას მოითხოვენ

მკლავჭიდელები ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის გადადგომას მოითხოვენ და ფედერაციაში არსებული სიტუაციის მოგვარებას სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს სთხოვენ.

მსოფლიო ჩემპიონებმა - ვასილ დაუთაშვილმა, ლევან საგინაშვილმა, რევაზ ლუტიძემ და გენადი კვიკვინიამ "მკლავჭიდის ფედერაციაში არსებულ დარღვევებზე" დღეს ისაუბრეს და განაცხადეს, რომ მათ საქმის შესწავლისთვის სპორტის სამინისტროს განცხადებითაც მიმართეს.

ვასილ დაუთაშვილის თქმით, მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და სპორტსმენები არასათანადო პირობებში ვარჯიშობენ.

ამასთან, დაუთაშვილის ინფორმაციით, ჯაჭვლიანი ფედერაციის პრეზიდენტის გარდა გაფორმებულია როგორეც ნაკრების მწვრთნელი, "იმისთვის რომ მან აიღოს მეტი ხელფასი, რეალურად კი მკლავჭიდელები მწვრთნელის გარეშე ვარჯიშობენ".

"სოსო ჯაჭვლიანი არის ნაკრების მწვრთნელი, თუმცა ის არც ერთხელ არ ყოფილა ვარჯიშზე და ჩვენ მწვრთნელის გარეშე გვიწევს ვარჯიში. ეს ყველაფერი იმისთვის გააკეთა, რომ მას მეტი ხელფასი აღოს," - განაცხადა ვასილ დაუთაშვილმა.

მკლავჭიდის ნაკრების კიდევ ერთი წევრის, გენადი კვიკვინიას თქმით კი, ფედერაციაში არის სრული განუკითხაობა, "რადგანაც მთელი მკლავჭიდის ფედერაცია მხოლოდ 5 კაცით არის დაკომპლექტებული".

მისივე განმარტებით, მოითხოვენ, მოხდეს მკლავჭიდელების დარეგისტრირება ფედერაციაში, რათა მათაც ჰქონდეთ ფედერაციის არჩევნებში ხმის უფლება.

"ჩვენ, სპორტსმენებს შეგვიძლია მოვითხოვოთ ფედერაციის წევრობა. ეს წესდებაში წერია, თუმცა ამის რეალურად განხორეციელება არ ხდება. 5 კაცი წყვეტს ყველაფერს, როდის ჩატარდეს ჩემპიონატი, როდის აირჩევენ პრეზიდენტს - ესენი არიან სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე, მეგი ოგიაშვილი და ვახტანგ მუსელიანი. მეხუთე პირს რაც შეეხება, ეს ჩვენთცის უცნობია," - განაცხადა გენადი კვიკვინიამ.

მკლავჭიდელების თქმით, მათ სპორტის სამინისტროს 2 კვირის წინ განცხადებით მიმართეს, რათა დაინტერესდეს ფედერაციაში მიმდინარე პროცესებით და უწყებისგან პასუხს ელოდებიან.