მთავრობის პოზიციაა, რომ ცალსახად შესაძლებელია ის შეღავათები, რაც მაღაროელებს ჰქონდათ, აღუდგეთ

მთავრობის პოზიციაა, რომ ცალსახად შესაძლებელია ის შეღავათები, რაც მაღაროელებს ჰქონდათ, აღუდგეთ

შრომითი დავის ნაწილში არ ჩანს არც ერთი ისეთი საკითხი, რომელზეც არ შეიძლება დიალოგი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა, როდესაც ტყიბულის მაღაროში მუშების გაფიცვას გამოეხმაურა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ პროცესის წარმატებით დასრულებისთვის საჭიროა მოლაპარაკები, ძირითადი საკვანძო საკითხების ცივილურად და კანონის ფარგლებში განხილვა.

"პირველ რიგში, საჭიროა მკაფიოდ გაიმიჯნოს ამ მოვლენების შრომითი დავის ნაწილი და რაიმე სხვა შემადგენელი, იქნება ეს პოლიტიკური, არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულება თუ სხვა. განვითარებული მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ დომინანტია შრომითი დავა, ასევე მოიცავს სხვა აქტივობებსაც, როგორიც არის წლის დასაწყისიდან ძალაში შესული კანონი. ამ კანონის მიხედვითაც, მაღაროელებს გარკვეული საგადასახადო შეღავათები შეიძლება გაუქმებოდათ. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე გვქონდა მსჯელობა და ჩვენ წარვადგენთ პარლამენტში ამ საკითხს. ეს რა თქმა უნდა, პარლამენტის გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენი მთავრობის პოზიციაა, რომ ცალსახად შესაძლებელია ის შეღავათები, რაც ჰქონდათ მაღაროელებს, აღუდგეთ. ამით, რეალური და არა ხელოვნურად შექმნილი პრობლემების ფაქტობრივად 360 გრადუსი იხურება და ყველა მონაცემეები გვაქვს გადავიდეთ დიალოგის რეჟიმში, რის იმედსაც მე ვიტოვებ", - განაცხადა სერგეენკომ.

დავით სერგეენკომ როგორც დამსაქმებლებს, ისე დასაქმებულებს ხაზგასმით მოუწოდა, მისცენ საშუალება პროცესები გადავიდეს დიალოგის რეჟიმში. "კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც ერთ ისეთ საკვანძო საკითხს, რომელზეც არ შეიძლება დიალოგი და მოლაპარაკება", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.