C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის გავრცელება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ იგეგმება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის დადგენილების გადახედვა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტების მფლობელებზე გავრცელების მიზნით, არ იგეგმება. აღნიშნული ინიციატივებით მთავრობას სახალხო დამცველმა მიმართა. კერძოდ, სახალხო დამცველის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების N17 მსჯავრდებულს მკურნალობაზე ეუბნებიან უარს იმ მოტივით, რომ არ არის საქართველოს მოქალაქე. დავით სერგეენკოს თქმით, ამ საკითხზე, როგორც გამონაკლისზე, სასჯელაღსრულების სამინისტრომ უნდა იმსჯელოს.
"დადგენილების შეცვლა, რა თქმა უნდა, არ იგეგმება. ეს არის ქვეყნის ჯანდაცვისთვის და 160 000 ადამიანისთვის გარდამტეხი, უმნიშვნელოვანესი პროექტი. ეს პროექტი ვრცელდება როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე, ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ მრავალი საერთაშორისო კონვენციის მონაწილე. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, მე ვფიქრობ, სასჯელაღსრულების სამინისტრო იმსჯელებს ამ საკითხზე. არის სპეციალური კომისია, რომელსაც შეუძლია მსჯელობა კონკრეტულ გამონაკლისებზე და ამისთვის ნამდვილად არ არის საჭირო ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
სახალხო დამცველი ასევე მიმართა მთავრობას, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტების მფლობელები ჩართოს. სერგეენკოს თქმით, "პასუხს ვერ ვაგებთ" იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ ცხოვრობენ.
"ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი მოიცავს სამ მნიშვნელოვან ფაქტორს - პრევენცია, პაციენტის განათლება/სტიგმასთან ბრძოლა და საკუთრივ მკურნალობა. თუ არ იქნა სამივე კომპონენტის ერთობლიობა, საკუთრივ პროექტიც ვერ იქნება. პაციენტებზე, რომლებიც დააკმაყოფილებენ ყველა ამ კრიტერიუმს, რა თქმა უნდა, გავრცელდება, ხოლო იმ პაციენტებზე, რომლებიც ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ ცხოვრობენ, ჩვენ პასუხს ვერ ვაგებთ. მათ შეუძლიათ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და ჩაერთონ პროექტში", - განაცხადა სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამ მიზნით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა 45-მა ადამიანმა უკვე მიიღო საქართველოს მოქალაქეობა.