საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ცილისწამება სისხლის სამართლებრივად დასჯადი არ უნდა გახდეს.
ასე აფასებს სესიაშვილი თბილისის საკრებულოს დეპუტატ თედო კობახიძის ინიციატივას, რომ ცილისწამების მუხლი "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაბრუნდეს.
როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, ცილისწამების მუხლით დასჯადობა კოდექსიდან სწორედ მედიის თავისუფლების გამო ამოიღეს.
"მსოლფიოში ცილისწამება რომ დასჯადი იყოს, ეს გარკვეულ პრობლემას შეუქმნიდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. მაშინ, როცა ეს ცვლილება განვახორციელეთ და ამოვიღეთ ეს მუხლი, პირველ რიგში გავითვალისწინეთ მედიის თავისუფლება", - განაცხადა სესიაშვილმა.
მისივე თქმით, ცილისწამება სისხლის სამართლებრივად დასჯადი არ უნდა იყოს, თუმცა უნდა არსებობდეს ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ ნებისმიერი ადამიანი იყოს დაცული, რათა მისი იმიჯი არ შეილახოს.
კითხვაზე, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს თუნდაც იმიჯის დაცვა, დეპუტატმა განმარტა, რომ სამოქალაქო დავით არის შესაძლებელი ამა თუ იმ ადამიანმა სასამართლოში შეიტანოს სარჩელი, ასევე მედიის წარმომადგენლებს გააჩიათ საკუთარი კომისიები, რომლებიც ამ საკითხზე ზრუნავენ.
"ცილისწამება რომ სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდეს, ეს მედიას შეზღუდავს და მე ამის მომხრე არ ვარ", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.