პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მთავარ პროკურატურას საქმეების დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს. როგორც მანანა კობახიძემ განაცხადა, არსებობენ ძალები, რომლებიც მის წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას აწარმოებენ.
"რაღაც ძალების წარმომადგენლები პირდაპირ აცხადებენ, რომ მათ არ სურთ მომავალ პარლამენტში მნახონ, ეს მიზანი აქვთ მათ და ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული ამით? მე არ გამოვრიცხავ თუნდაც იმ ადამიანებს, რომლებიც შესაძლებელია დღესაც არიან ძალოვანი უწყების თანამშრომლები. თქვენ იცით, რომ არც პროკურატურაში, არც შსს-ში, არც სუს-ში არ მომხდარა თავიდან ბოლომდე წმენდა ძველი კადრების. ეს არის სამწუხარო რეალობა, როდესაც ყოფილი პოლიციები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ დაკავებულები ადამიანის უფლებების დარღვევით, ძალიან მძიმე საქმეებთან ჰქონდათ შეხება, სამწუხაროდ დღესაც არიან ამ სისტემაში და ეწინააღმდეგებიან ისეთი საქმეების გამოძიებას, რომელიც შესაძლებელია იყოს მათთვის პრობლემური. ეს მათ არ აწყობთ და შესაბამისად, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ასეთი საქმეები არ იყოს გამოძიებული. მე ამას დაბეჯითებით ვამბობ. 3 წელია ჭიანურდება ე.წ. კოკაინის საქმის გამოძიება. მე ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ მთელ ამ სკანდალში ვინც ზარალდება, ესენი არიან პატიმრები", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
მისივე თქმით, ჭიანურდება ე.წ. კოკაინის საქმეც.
"აქტიურად საუბრობენ ზაუტაშვილზე, თუმცა იქ არის კიდევ 3 ადამიანი დაპატიმრებული, ეს არის გიორგი ჩეჩელაშვილი, მეულუდ სვანიძე და რომან მესულიანი. ისინი ასევე ითხოვენ, რომ მათი საქმე იყოს გადასინჯული. ისინი ითხოვენ იმ ძალიან მძიმე საპროცესო დარღვევებზე რეაგირებას, რომელიც არის ამ საქმეში. იგივეს ითხოვს ნუგზარ ბოჭორიშვილი, რომელიც დღეს არ არის საქართველოში, თუმცა მის მიმართაც დღემდე ძალაშია განაჩენი. სამწუხაროდ, გამოძიება იმ ფუნდამენტურ დარღვევებზე, რომელიც იყო ამ საქმეში ჭიანურდება და რეალური შედეგი არ დგება. როგორც ჩანს, ვიღაცას არ აწყობს ამ საქმის და კიდევ არაერთი საქმის გამოძიება, რომელიც პრობლემურია. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ ბინძური ჭორის აგორება ყოფილიყო ძალოვნების, ან ამ წუთში ძალოვან სტრქუტურაში დასაქმებული ადამიანების მიერ მოწყობილი. ამ საქმის პროკურორი დღემდე არის პროკურატურაში. რამდენჯერაც გააქტიურდება ქალბატონი ზაუტაშვილი, იმდენჯერ ჩნდება საეჭვოდ ახალი პერსონაჟი, რომელიც ცდილობს ახალი რაკურსით ტალახის სროლას ჩემი და ჩემი ოჯახსი წევრების მიმართ. მე ვაპირებ ბოლომდე მივყვე ამ საქმეს და გავარკვიო ვინ არის დაინტერესებული, რომ ეს ძირითადი საქმე რის გარშემოც ეს აჟიოტაჟი ტრიალებს, არ იყოს გამოძიებული და რატომ ხდება, რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანები გამოდიან და აქტიურობენ ამ საქმეთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე ისაუბრა ალეკო ელისაშვილს საქმესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ არ მოხდა ამდენი ხანი ამ საქმის გამოძიება.
"ელისაშვილის საქმეც არ არის ის საქმე, რომ ამდენ ხანს გრძელდებოდეს გამოძიება. მინდა მივმართო პროკურატურას, დროულად მოხდეს ამ გამოძიების დასრულება, ეს არ არის იმ სირთულის საქმე, რომელსაც რამოდენიმე თვე და ერთი წელი სჭირდება. საზოგადოებამ უნდა გაიგოს სად არის სიმართლე, სხვა შემთხვევაში ზარალდება ხელისუფლება, იმ ცილისწამებებით, რომელიც სპეციალურად კამპანიურად არის აგორებული "ქართული ოცნების წინააღმდეგ". საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ იცოდნენ სიმართლე", - განაცხადა კობახიძემ.