ე.წ. კოკაინის საქმეზე დაუსწრებლად ბრალდებული ნუგზარ ბოჭორიშვილი ადვოკატ კობა კობახიძეს პასუხობს. ნუგზარ ბოჭორიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას დაადასტურა, რომ კობა კობახიძის ადვოკატად აყვანა ბრალდებულებს მანანა და თედო კობახიძეებმა ურჩიეს.
ბოჭორიშვილი ყვება, რომ კობა კობახიძე სისტემატურად ნასვამი იყო, მან საქმეში ახალი გარემოებები ვერ აღმოაჩინა რის გამოც, ბოჭორიშვილმა შეთანხმების თანახმად, გადახდილი თანხის - 6250 ევროს უკან დაბრუნება მოითხოვა.
"ეტყობა, კობა კობახიძე ერთი სავარძლიდან მეორე სავარძელში გადაჯდომას ცდილობს. რის გამო დავჭირდით ჩვენ ამ სიტუაციაში არ ვიცი. ჩვენთან ცოტა ხნით იყო. მართლაც თედო და მანანა კობახიძეებმა მირჩიეს, როდესაც ისინი წავიდნენ პოლიტიკაში და ვეღარ ადვოკატობდენ. მირჩიეს კობა კობახიძეც და სხვა ადვოკატებიც. ისინი გამოგვადგნენ, ნორმალური ადამიანები აღმოჩნდენენ, ეს კაცი ფხიზელი ვერასოდეს ვერ დავიჭირე. სულ ნასვამი იყო და არაფერს აკეთებდა. შეთანხმების თანახმად, თუ საქმეში ახალ გარემოებებს ვერ აღმოაჩენდა, სრულად დააბრუნებდა თანხას, რადგან მე ზედმეტი ადვოკატი აღარ მჭირდებოდა", - განმარტა ნუგზარ ბოჭორიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ ვერაფერს მიაღწიეს, იკამათეს, რის შემდეგაც კობა კობახიძეს თანხისა და საქმის მასალების დაბრუნება კატეგორიულად მოსთხოვა. ბოჭორიშვილის თქმით, კამათის შემდეგ ადვოკატმა თანხა 6250 ევრო და მასალები დააბრუნა.
რაც შეეხება ადვოკატის განცხადებას, რომლის თანახმად, თედო კობახიძემ თითოეული ბრალდებულისგან 75 000 ევროს აღება ურჩია, ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ 75 000 ევროზე საუბარი არ ყოფილა და ეს ადვოკატის მოგონილია, თუმცა ახალი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში, დამატებით "კარგ ბონუსს" შეპირდა, რომელიც დაკონკრეტებული არ ყოფილა.
"მე თედოს და კობას საუბარს არ დავსწრებივარ, მაგრამ დარწმუნებით მჯერა, არ მგონია თედოს რაიმე ეთხოვა, რადგან ჩემგან არანაირი უფლებამოსილება მას არ ჰქონია. მე 75 000 –ის ან მეტი თანხის გადახდას არავისთვის ვაპირებდი. თუ საქმე შემობრუნდებოდა და ის მართლაც აღმოაჩენდა ახალ გარემოებებს, შეიძლებოდა ბონუსის სახით რაღაც მიმეცა, მაგრამ ეს იყო ჩემსა და კობა კობახიძეს შორის მოლაპარაკება. თედოს და მანანას მასთან მოლაპარაკება არ ჰქონიათ. ის მე მელაპარაკებოდა ტელეფონზე. 10-ჯერ, 20-ჯერ ველაპარაკე, რას შვრებოდა, რა საკითხზე მივიდა, რამდენი ტომი წაიკითხა. ვატყობდი, რომ ეს კაცი ფხიზელი ტელეფონთან ვერასოდეს დავიჭირე. კაცი გაგებაში არ იყო. არაფერი წაკითხული არ ჰქონდა, უბრალოდ ჩაიდო ეს ფული ჯიბეში და ლოთობდა. ამის გამო ვიკამათეთ და ვთხოვე თანხის დაბრუნება. მოსასვლელი პირი აღარ ჰქონდა და გამოაგზავნა ტომები. ზუსტად ვერ დაგისახელებთ, ვიცი, რომ ანასტასიას ბიძაშვილი მივიდა მასთან და წამოიღო საქმის ტომები, მგონი, თანხაც, თუ არ მეშლება. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თედომ გამაცნო, შეიძლება თედოს გამოატანა თანხა", - აღნიშნა ნუგზარ ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილი კობა კობახიძის განცხადებებს მის პირად მიზნებს უკავშირებს.
"საარჩევნი წელია და ეტყობა, რაღაც უნდა ამ კაცს. "ნაციონალების" ვიღაცეებს, ბუტა რობაქიძის მკვლელებს იცავს და ვიღაცის დავალებით მოქმედებს, მაგრამ ძალიან იაფფასიანი ხრიკია", - დასძინა ე.წ. კოკაინის საქმეზე დაუსწრებლად ბრალდებულმა.
ადვოკატ კობა კობახიძის მტკიცებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის ძმამ თედო კობახიძემ ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულებისგან საადვოკატო ჰონორარის სახით 6250 ევროს აღება, გამარჯვების შემთხვევაში კი, თითოეულისგან 75 000 ევროს მოთხოვნა ურჩია.
კობა კობახიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" აღნიშნული საქმის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მსჯავრდებულებს მისი ადვოკატად აყვანა პარლამენტის ვიცე სპიკერის, მანანა კობახიძის ძმამ, თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ ურჩია.